რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა პალაუს დროშით მცურავ გემს „გამაფრთხილებელი ცეცხლი“ გაუხსნა
დღეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა პალაუს დროშით მცურავ გემს, რომელიც უკრაინის პორტ იზმაილისკენ მიემართებოდა „გამაფრთხილებელი ცეცხლი“ გაუხსნა. შემთხვევა ადგილობრივი დროით 6:40 საათზე მოხდა.
მედიის ცნობით, შავი ზღვის ფლოტის რუსულმა ხომალდმა „ვასილი ბიკოვმა“, რომელიც ზღვაში პატრულირებდა, ოდესის ოლქის პორტ იზმაილისკენ მოძრავ „სუქრუ ოქანის“ ხომალდს შემოწმებისთვის გაჩერება მოსთხოვა, რაც კაპიტანმა არ გაითვალისწინა, შედეგად, რუსულმა ხომალდმა ცეცხლი გახსნა.
გამაფრთხილებელი ცეცხლის შემდეგ, რუსი სამხედროები სატვირთო ხომალდზე ვერტმფრენიდან დაეშვნენ, გემი შეამოწმეს და პორტისკენ სვლის ნება დართეს.
რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ 17 ივლისს გავიდა და განაცხადა, რომ შავი ზღვის აკვატორიაში მოძრავ გემებს, რომლებიც უკრაინული პორტებისკენ მიემართებიან, სამხედრო დანიშნულების მქონე ტვირთის პოტენციურ გადამზიდავებად განიხილავენ.