სტიქიის ზონაში ინფექციურ დაავადებასთან დაკავშირებით საფრთხე არ არსებობს - სურსათის ეროვნული სააგენტო
შოვში, სტიქიიდან ექვსი დღის შემდეგ და მაღალი ტემპერატურის ფონზე, ჩნდება კითხვები სტიქიის ზონასა და მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლო ეპიდემიოლოგიური საფრთხის გაჩენის შესახებ. მით უმეტეს, რომ ადგილობრივების ინფორმაციით, 3 აგვისტოს წამოსულმა მეწყერმა და ღვარცოფმა ქვეშ მოიყოლა საქონელიც.
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ლეშებს დეზინფექციები უტარდება და მისი თქმით, არავითარი საშიშროება რაიმე ინფექციურ დაავადებასთან არ გვაქვს.
„ყოველდღიურად მიმდინარეობს მდინარის და მდინარის ხეობის დათვალიერება. როგორც კი შევნიშნეთ დაცემული ცხოველის ლეში, იმ წამსვე რაიონის თვითმმართველობამ გამოყო შესაბამისი ტექნიკა და შევუდექით იმ ლეშების ამოღებას ხეობიდან. არ არის დიდი რაოდენობით, მხოლოდ და მხოლოდ ორი არის ნაპოვნი. ლეშებს დეზინფექციები უტარდება, არავითარი საშიშროება რაიმე ინფექციურ დაავადებასთან არ გვაქვს“, – განაცხადა გაბრიელ ჩიკვაიძემ.