თეგებით ძიება

„არც შიშს ვგრძნობ და არც პანიკას…ასეა ალბათ, უფალთან ანგარიშის დროს…“ - მედეა ვასაძემ ინფარქტი გადაიტანა

აჭარს უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატი მედეა ვასაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს ქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ინფარქტი…

კუჭი მეგონა და ოთხი დღე “ვმკურნალობდი”. ბოლოს,მე და შალვამ,რესპუბლიკურ საავადმყოფოში,ტკივილის გასაყუჩებლად შევიარეთ და ღმერთო ჩემო,ინფარქტის დიაგნოზით,კატასტროფის ბრიგადის მომსახურება დამჭირდა ბაუ-ში გადასაყვანად. გზა კატეგორიულად,საკაცით გამომატარეს… არც შიშს ვგრძნობ და მით უფრო,არც პანიკას…ასეა ალბათ,უფალთან ანგარიშის დროს…ვცდილობ,რომ სახეზე არ ვჩანდე,მაგრამ არ გამოდის…მესმის შეძახილები-მედეაა ვასაძე…ვიღაც გამორბის,ხელზე-ხელს მიჭერს და მკაცრად მახსენებს,მაგრად უნდა იყო,ხომ იცი,სამშობლოს სჭირდები…ჩრდილივით ჩამომატარეს კედელთან ატუზულ ჩემიანებს,შოკის ოთახს ეძახიან მგონი,სადაც ვარ…და კახა ექიმი,თავის მოსაზრებებს მიზიარებს-იქნებ შეცდომაა! მერე,ანალიზების გამეორებით პასუხამდე,ცდილობს “შემომსვლელებთან” წესრიგის დამყარებას, მისი და ჩემი სახელით… არ მეშველა…ინფარქტია…

კორონოგრაფიის,ანუ ფართო,სადიაგნოსტიკო საშუალების გამოყენების აუცილებლობაში მარწმუნებენ…ვწევარ პირაღმა,აპარატურებით სავსე ოთახში (კეტლაპში) და მაგიდაზე გასწორებულს,ორი ახალგაზრდა ექიმი (ხვიჩია,კოკაია) დამფუსფუსებს… რადგან პრემედიკაცია არ კეთდება-მელაპარაკეთ მეთქი,ვთხოვ… და იწყება პროცედურა-მარცხენა ხელში ტკივილს ვგრძნობ,თუმც,არც ისე ხანგრძლივი დროით. დიაგნოსტიკის შემდეგ,სამწუხაროდ,შემდგომი ჩარევის აუცილებლობა ხდება-ვეთანხმები და ვცდილობ ხელის არშეშლას,იმ პასუხისმგებლობით,რომ ვიცი,თეთრხალათიანმა “ბიჭებმა”, ჩემს გულზე ფინიგრანული სამუშაო უნდა ჩაატარონ (მოქსოვონ)… პლავიქსი,ჰეპარინი,ტროპონინი…რაღაც ნომრიანი სამედიცინო ხელსაწყოების დასახელებები მესმის… და ბოლოს მეუბნებიან-დასრულდა,თანაც წარმატებით…და მიუხედავად იმისა,რომ საკმაოდ გრილა,შუბლიდან ცივ ოფლს იწმენდენ…

ინტენსიურში ვარ…შუაღამეზე შემომიყვანეს,სიჩუმეა,სიცოცხლეზე მხოლოდ მონიტორზე აყვანილ ადამიანთა აპარატის ხმა თუ მიგანიშნებს… ბედზე ჰკიდია არსებობა… და შენ ფიქრით გადიხარ,ამ წამლებით გაჟღენთილი გარემოდან,გარეთ…უპირველესად,შენს შვილთან… შენს ოჯახთან…ახლობლებთან…მეგობრებთან…ჩემი შაკოს საფლავთან…კვლავ ვუბრუნდები სამშობლოზე, სანაპიროდან გაძევებულ ლაინერზე, სამშობლოს სიყვარულისთვის ნაცემ ბიჭებზე, სასამართლო სხდომის დარბაზებზე, შოვში,თოჯინით მოსიარულე მამაზე და ცოცხლად დამარხულ ოჯახებზე ფიქრს…არადა არ ვიცი,რადგან ეს ყველაფერი აკრძალული მაქვს,რა იქნება და რას შემაძლებინებს ჩემი,ფრაგმენტულად შეკოწიწებული გული ხვალიდან,რომელმაც ამ დრომდე,ჩემი არც თუ ისე იოლი ცხოვრება,ჩემს ემოციასთან საპირწონედ მიიღო…ყველა დარტყმა,ტკივილი თუ სიხარული განიცადა…და მაინც,ვიმედოვნებ,რომ არ გაჩერდება…ვიცი,რომ უსაშველოდ დავღალე,მაგრამ მაპატიებს,რადგან სხვაგვარად ცხოვრება ვერ შევძელი…“ - წერს მედეა ვასაძე. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა