"ქართულმა ოცნებამ" შუალედურ არჩევნებში კანდიდატები დაასახელა
“ქართულმა ოცნებამ” შუალედური არჩევნებისთვის გორისა და კასპის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქსა და მერის არჩევნებისთვის გურჯაანში კანდიდატები დაასახელა. ამ ოლქებში შუალედური არჩევნები 1 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.
კანდიდატები კი დღეს მედიას "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ წარუდგინა.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სახელით, გორისა და კასპის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარმოგიდგენთ ბატონი გიორგი სოსიაშვილის კანდიდატურას.
ბატონი გიორგი არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სახელით, გურჯაანის მერის პოზიციაზე წარმოგიდგენთ ბატონი გიორგი მაჭავარიანის კანდიდატურას.
გიორგი მაჭავარიანი დაიბადა ქალაქ გურჯაანში. 1996 წელს მან დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. გიორგი მაჭავარიანს აქვს ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის მდიდარი გამოცდილება. 6 წლის მანძილზე, ის იკავებდა სააქციო საზოგადოება გურჯაანგაზის დირექტორის თანამდებობას, 2011 წლიდან კი არის შპს სოკარ ჯორჯია გაზის გურჯაანის სერვისცენტრის ხელმძღვანელი",- განაცხადა კობახიძემ.