თეგებით ძიება

„საუბარი იმაზე, რომ ვიღაც სამი საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი“ - ირაკლი კობახიძე შოვის სტიქიაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით საუბრის დროს განაცხადა, რომ წარმოუდგენელია ის ფაქტი, რომ სტიქიის დროს ვინმე სამი საათის განმავლობაში ებრძოდა ღვარცოფს და გადარჩა.

„არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი. უბრალოდ შეუძლებელია, ასე განვითარებულიყო იქ პროცესები. სტიქია იყო მყისიერი და სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ. საუბარი იმაზე, რომ ვიღაც სამი საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი.

[...] ეგ ნამდვილად არ ვიცი, გადავამოწმებთ, მაგრამ მე ცოტა მეეჭვება... ჰო, არ ვიცი... მე ვერ გეტყვით ამაზე, ამ ფოტოზე. ერთი, რომ რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, ეს არ ვიცი, იმიტომ, რომ რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა. იქ ბევრი ადამიანი დარჩა და მოახერხეს... თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი.

ამიტომ, გადასამოწმებელია ეს ყველაფერი, არ ვიცი, მე უბრალოდ ვერ გეტყვით ვერაფერს მაგასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რა თქმა უნდა, კიდეებში მასის სიმაღლე იყო დაბალი, შესაბამისად, იქიდან გამოსვლა იყო შესაძლებელი და ყველა ასეთი ადამიანის იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი უახლოეს პერიოდში. ამაზე მაქვს ზუსტად საუბარი, რომ ვინც გადაურჩა ღვარცოფულ მასას, ყველას იდენტიფიცირება იყო შესაძლებელი დაღამებამდე და ამაზე საუბრობდა შინაგან საქმეთა მინისტრიც. მაგრამ ვინც მოჰყვა თვითონ ამ მასაში, მათი გადარჩენა იყო, პრაქტიკულად, შეუძლებელი“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, სტიქიის შემდეგ, ერთ-ერთი გადარჩენილი დავით ჯელაძე მედიასთან ჰყვებოდა, როგორ გადაურჩა სტიქიას - მას დისშვილთან ერთად სტიქიის ზონაში დაახლოებით 400 მეტრის გასავლელად და მეწყერს გადარჩენილ უახლოეს სასტუმრომდე მისასვლელად ორ საათზე მეტი დასჭირდა. ამასთან, დავით ჯელაძემ 10 აგვისტოს სოციალურ ქსელში სტიქიაში მოყოლილი ანასტასიას ფოტო გამოაქვეყნა: "ეს ანასტასიაა ჩემი უშიშარი და მებრძოლი. ტასი 4 საათის განმავლობაში მარტო ებრძოდა ამ საშინელებას".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა