ბრიტანეთი თავის მოქალაქეებს შვედეთში შესაძლო ტერაქტების თაობაზე აფრთხილებს
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს შვედეთში შესაძლო ტერაქტების თაობაზე აფრთხილებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ბრიტანეთის საგარეო უწყებამ აღნიშნული გაფრთხილება მას შემდეგ გამოსცა, რაც შვედეთში კვლავ დაწვეს ყურანი, რამაც მუსლიმების აღშფოთება გამოიწვია.
განახლებულ სამოგზაურო რეკომენდაციაში, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შვედეთის ხელისუფლებამ წარმატებით აღკვეთა რამდენიმე დაგეგმილი თავდასხმა.
„ამ დროს სიფხიზლე უნდა გამოიჩინოთ. ტერორისტები დიდი ალბათობით შეეცდებიან შვედეთში თავდასხმების განხორციელებას“, - მიმართავს ბრიტანეთის საგარეო უწყება თავის მოქალაქეებს.