თბილისში კიდევ 30 ელექტროდამტენი დამონტაჟდება
თბილისის მერია ქალაქში ელექტრომობილების დამტენების მონტაჟს განაგრძობს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამჟამად ქალაქს 30 ელექტროდამტენი შეემატება.
„სატრანსპორტო პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. რეფორმა, რომლის განხორციელება დავიწყეთ, ბევრი სიახლისგან შედგება. ელექტრომობილების წახალისება ამ რეფორმის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რათა გავაუმჯობესოთ ეკოლოგიური მდგომარეობა ქალაქში. ამ მიზნით, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში ჩვენ უკვე 60-მდე ერთეული ელექტროდამტენი დავამონტაჟეთ. დღესაც მოქალაქეებს უფასოდ შეუძლიათ მათით სარგებლობა. ეს არის ერთგვარი წამახალისებელი ღონისძიება, რათა ადამიანებმა არჩევანი ელექტრომობილების სასარგებლოდ გააკეთონ. მიხარია, რომ ბოლო წლების განმავლობაში დედაქალაქში ელექტრომობილების რიცხვი იზრდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.