პოლონეთში ველოსიპედების ქურდობისთვის ქართველი კაცი დააკავეს
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ქართველი დააკავეს, რომელმაც საერთო ჯამში 14 000 ზლოტის (3450 აშშ დოლარის) ღირებულების ველოსიპედები მოიპარა. ამის შესახებ kresy.pl იუწყება.
პოლიციის ინფორმაციით, ქართველი იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ლომბარდში მოპარული ველოსიპედის ჩაბარებას აპირებდა. ბოროტმოქმედის დაკავება GPS- ლოკატორის მეშვეობით გახდა შესაძლებელი, რომელიც ველოსიპედზე იყო დამონტაჟებული.
დაკავებულის ზურგჩანთის ჩხრეკისას პოლიციამ სხვა დაშლილი ველოსიპედების ნაწილები აღმოაჩინა. სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ ქართველმა საერთო ჯამში 4 ველოსიპედი მოიპარა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულ ქართველს წინასწარი სამთვიანი პატიმრობა შეეფარდა.
მას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.