თეგებით ძიება

„პატრიარქი ჯვრებს ჩუქნიდა იმ ჯარისკაცებს, რომლებიც იარაღს გვიმიზნებდნენ“ - რას იხსენებს ილია მეორეს სტიქაროსანი?

15 აგვისტო იყო, როცა პატრიარქმა გორში წასვლა გადაწყვიტა. სატვირთო მანქანა პროდუქტებით გაავსო და რამდენიმე სასულიერო პირთან, სტიქაროსანთან და დაცვასთან ერთად ომის ქარცეცხლში გამოტარებულ გორში წავიდა.

2008 წლის შემდეგ პატრიარქის სტიქაროსანი, ლევან ჭიქინაშვილი 15 აგვისტოს პირველად იხსენებს.

ის მაშინ 27 წლის იყო, სტიქაროსნობის გარდა, მას პატრიარქის დაცვაც ევალებოდა. ლევანი მაშინ საპატრიარქოში ცხოვრობდა. ამბობს, რომ პატრიარქმა როცა ბრძანა გორში უნდა წავიდეო, ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა. ეშინოდათ მისი გაშვების. თუმცა, იმ დღეს ილია II ისეთი პრინციპული იყო, როგორც არასდროსო,- იხსენებს ლევანი.

მზადება საპატრიარქოში 15 აგვისტო, 2008

„დილიდან ემზადებოდა პატრიარქი გორში შესასვლელად, მოატანინა პროდუქტები, პური და წყალი. პარალელურად, ჩვენი საპატრიარქო რუსეთში კირილეს უკავშირდებოდა, მაშინ კირილე რუსეთის საპატრიარქოში საგარეო საქმეებს ხელმძღვანელობდა. მას მიაწვდინეს ხმა, რომ ილია II გორში მიდიოდა. რუსეთიდან ასეთი პასუხი მივიღეთ - „დაელოდე ჩვენს ზარს, მანამდე ნუ წახვალთ“. როცა სატვირთო მანქანაზე მოსახლეობისთვის გორში წასაღები ტვირთი დააწყვეს, პატრიარქმა ბრძანა, არავის ველოდები, მივდივარო.

პატრიარქის გზა გორისკენ, რუსული ბლოკპოსტი და გენერალ ბორისოვთან შეხვედრა.

პატრიარქს მაშინდელმა სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა თავისი დაჯავშნული მანქანა გამოუგზავნა. უწმინდესმა უარი თქვა, ჩემი მანქანით წავალო, თქვა. თუმცა, იაკობაშვილის მანქანა მაინც გამოგვაყოლეს. დავადექით გზას. უკვე გორს ვუახლოვდებოდით, როცა რუსეთიდან ზარი მივიღეთ, მათ ალბათ, უკვე იცოდნენ, რომ პატრიარქი არ დაელოდა პასუხს და წავიდა...  პირველი მანქანაში დაცვა იყო, შემდეგში პატრიარქის, უკან კი ავტობუსი მოგვყვებოდა, რომელშიც ჩვენი მოძღვრები და მონაზვნები ისხდნენ.

გორის შესასვლელში ტანკები იყო მობილიზებული, სახელდახელოდ მოწყობილი რუსული ბლოკპოსტი დაგვხვდა. იქ პატრიარქი რუს გენერალს  ვიაჩესლავ ბორისოვს შეხვდა და ის გორის საკათედრო ტაძრამდე გამოგვყვა.

როცა პატრიარქმა ადგილობრივები მოიკითხა ბორისოვმა უთხრა, საგანგაშო არაფერია, უკვე ჩვენი კონტროლის ქვეშაა გორი და მიმდებარე ტერიტორიები, აღარაა მარადიორობა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინებაო. მალევე უწმინდესმა ბრძანა ნიქოზში უნდა წავიდეთო. ბორისოვმა ტელეფონი აიღო და იქ მყოფ გენერალს ურეკავდა, რათა ჩვენ დაგვხვედროდა. ფაქტობრივად ჩვენმა უწმინდესმა აიძულა თავადაც გამოგვყოლოდა.

პატრიარქი გორიდან ცხინვალის მახლობლად მდებარე სოფელ ნიქოზში

ქალაქი გორის გასასვლელიდან  მწკრივად რუსული ტანკები იდგენენ. თუმცა, მაშინ რუსეთი ავრცელებდა ინფორმაციას, რომ თავისი ჯარისკაცები და ჯავშანტექნიკა გაჰყავდათ... ტყუილი იყო, რა თქმა უნდა...

გზაში გვაჩერებდნენ, როგორც ჩანს ბორისოვს არ იცნობდნენ და ის მანქანიდან ეძახდა, რომ გენერალი ბორისოვი ვარო, ქუდის ფრიალით ხვდებოდა თავის ჯარისკაცებს. ნიქოზში მეუფე ისაიასთან შევხვდით, არასოდეს დამავიწყდება მისი გაბედული საუბარი რუს გენერალთან. ღიად და დაუფარავად ამხელდა მარადიორობაში, იქ დარჩენილი მოსახლეობის ძარცვასა და დაშინებაში. იმდენად შეუვალი იყო მეუფე ისაია, რომ პატრიარქმა უთხრა კიდეც - „მეუფეო, ჩვენ მივდივართ, შენ კი არ რჩებიო“. რა თქმა უნდა, მეუფეს ესმოდა ყველა ის საფრთხე, რაც რუსებისგან ემუქრებოდა, მაგრამ ეს არ აშინებდა. ის ქართულ მიწას, ქართველს ხალხს და ნიქოზს იცავდა...

პატრიარქმა იქაურ მოსახლეობას პროდუქტები დაუტოვა. დაცლილი სატვირთო მანქანით უკან წამოვედით. გზად ერთ-ერთმა რუსმა ოფიცერმა გვითხრა, რომ შინდისში თქვენი მიცვალებულები არიანო. პატრიარქმა ბრძანა, აუცილებლად უნდა წავიდეთ შინდისშიო.

შინდსის, იმ დროს, უცნობი გმირების გადმოსვენება

იმდენად შეცვლილები იყვნენ ჩვენი მიცვალებულები, რომ ჰაბიტუსით კაზაკები მეგონა... თუმცა მათ სამხრეებზე ქართული დროშა შევნიშნეთ. საზარელი იყო ის, რაც შინდისში ვნახეთ. უწმინდესის კურთხევით, სატვირთოზე მიცვალებულები დავასვენეთ. ერთი მანქანით კი გადარჩენილი, მოსახლეობაში თავშეფარებული 7 ჯარისკაცი წამოვიყვანეთ.

მაშინ არ ვიცოდით, რომ ჩვენ შინდისის გმირებს მოვასვენებდით. მათი გმირული ისტორია ცნობილი არ იყო. თუმცა, ეტყობოდა რომ ორ ათეულამდე ჯარისკაცს საოცარი ბრძოლა გაემართა. ისე გამოიყურებოდა მაშინ შინდისი, თითქოს პოლიგონი იქ იყო... თან იმდენად გაბედულები აღმოჩნდნენ, რომ სარკინიგზო ლიანდაგს მიღმა მოსახლეობა იყო და იქ შესვლა და გაფანტვა არც უფიქრიათ, ასე გადაარჩინეს სამოქალაქო პირები და თავად შეეწირნენ...

ახლა, როცა ვფიქრობ, რომ გმირების გადმოსვენებაში წვლილი გვაქვს შეტანილი. თანამედროვე მებრძოლი გმირების ცხედრებთან შეხების შესაძლებლობა მომეცა, ეს დიდი გულის ტკივილიცაა, თუმცა სიამაყით სავსე ტკივილია.

გზადაგზა გვაჩერებდნენ, პატრიარქი ჯვრებს ჩუქნიდა იმ ჯარისკაცებს, რომლებიც ჩვენ იარაღს გვიმიზნებდნენ, რამდენიმემ არ გამოართვა, ქრისტიანები არ ვართო. ალბათ, კაზაკები იყვნენ, უწმინდესი კი პასუხობდა, გეყოლებათ ქრისტიანი მეგობრები და მათ გადაეცითო.

ბორისოვს და კიდევ ერთ გენერალს საჩუქრები მისცა თხოვნით: „გაუფრთხილდით ჩვენს სასულიერო პირებს, ხალხს და ნუ გაძარცვავთ და გადაწვავთ მათ სახლებსო“. ბორისოვმა ამის პირობა მისცა...

გზად ერთი მანქანაც შეგხვდა, სადაც მშვიდობიანი მოქალაქე იყო დაცხრილული. ისიც გადმოვასვენეთ.

წყარო: primetime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა