თეგებით ძიება

„ვისაც გადარჩენილთა ფოტოების არ სჯერა, 25 ცხედრის ფოტო აქვს ექსპერტიზას და იმას დახედოს“ - თამო კეშელავა

ჟურნალისტი, თამო კეშელავა სოციალურ ქსელში ეხმაურება ირაკლი კობახიძის მიერ შოვის სტიქიისას გადარჩენილების შესახებ გაკეთებულ განცხადებას და წერს.

„ვისაც გადარჩენილთა ფოტოების არ სჯერა, 25 ცხედრის ფოტო აქვს ექსპერტიზას და იმას დახედოს. 

ვისაც გადარჩენილთა ფოტოების არ სჯერა, შოვში, მაშველებთან ერთად, იმედია, ექსპერტებიც გყავთ ჩაყვანილი და ცხედრებს, იმედია, ექსპერტების დახმარებით, დასურათებით, ადგილის მონიშვნით იღებთ, (მეტი თქვენ რა გითხარით, მაგრამ მაინც), ხოდა, ადამიანის ნაწილები რომ ამოაქვთ მიწიდან, ბავშვების თითებს რომ პოულობენ მიწაში, მაგ ფოტოებს უყურეთ.

იმ ღამეს გაწვიმდა, შესაბამისად, მიწა ჯერ ისევ არ იყო გაქვავებული და მარიტა გუტაშვილმა იკითხა, წელამდე მიწაში ჩარჩენილი ადამიანის ცხედარი რომ იპოვეს, იმის გადარჩენა, შეიძლებოდა, თუ არა და უპასუხეთ. 

იმ დღეს, საათობით ისმოდა მეწყერში მოყოლილი ადამიანების ხმა და ეს ესმოდა გადარჩენილებსაც და ასობით ადგილობრივსაც – ამდენ ადამიანს ვერ გააჩუმებთ.

არადა, პირველ დღეებში პირიქით იყო, ფეიკებს ავრცელებდნენ გადარჩენილებზე, მეტია გადარჩენილიო, ატყუებდნენ ხალხს და თუ ეტყოდი, ეგ ტყუილიაო, შენ არ გინდა ხალხის გდარჩენაო, დაგძახოდნენ... 

ვისაც გადარჩენილთა ფოტოების ნახვა არ გინდათ, მოდით, ყველა ფოტო გამოიტანეთ, რა მოხდა შოვში, ადამიანის ნარჩენების ფოტოები გამოვიტანოთ, მოდი და მერე ვილაპარაკოთ!

და საერთოდ, რა მოხდა შოვში?

8–10 წუთი გვქონდა გასაფრთხილებლადო, ეს ოფიციალური უწყების ინფოა, 2 წუთი დარეკვას დასჭირდებოდა ხომ, მაქსიმუმ... ვიდეო არსებობს, 9 წამში გამოექცა ადამიანი მეწყერს, 9 წამში, ხვდებით, რა დროა 10 წუთი?

წლობით რომ ითხოვდა მოსახლეობა დახმარებას და ტრაგედია მოხდა და მერეც კი არ აწიეს ერთი ადგილი, ის ხალხი თანამდებობაზე რატომ არის?

რა დრო დააგვიანა ვერტმფრენმა?

მინისტრმა თქვა, ვერტმფრენს უნდა მომზადებაო, კაი, კაცო, სამაშველო ვერტმფრენი მუდმივ მზადყოფნაში არ უნდა იყოს? ტრაგედიის მერე მზადდება?

მინისტრმა თქვა, 3 საათში ჩავედით და წუთებში ნუ გამოგვეკიდებითო და რატომ 4 საათში არ ჩახვედით, გომელაურო, მაგრამ კარგი, იყოს 3 საათი, აქედან, დრო დასჭირდა მომზადებასო, დავუშვათ 30 წუთი, მერე ღრუბლები იყო და ღრუბლებმა შეგვიშალა ხელი 2 საათითო, დარჩა 30 წუთი, ანუ, 30 წუთში ჩაფრენილან, მინისტრის თქმით, ადგილზე...

სად იყო იმ დღეს ღრუბლები?

ანუ, 2 საათი ღრუბლებიდან რომ ვერ გამოვიდნენ, ეგეთი ღრუბლები იმ დღეს სად იყო? ეთქვათ, თუ 2 საათი ვერტმფრენები ღრუბლებში ჰყავდათ დაკარგული, იქნება, უღრუბლო მარშრუტი გვესწავლებინა, დავხმარებოდით, იქნება.

30 წუთი სჭირდებოდა მაქსიმუმ შოვამდე ჩასვლას და 4 საათში ჩავიდნენ და გადარჩენილებს დასდევენ, ემან, თქვენ, მართლა გადარჩით, თუ არ გადარჩით და იტყუებითო...

ამბის გამომტანი არ უნდა დარჩენილიყო?

და აქვე, არც ის უნდა დაგვავიწყდეს არასდროს, რომ მართალია, პირველ დღეებში, თავიანთ ფასიან, თუ უფასო აქტივს აწერინებდნენ, რა შუაშია ვერტმფრენიო, მაგრამ ცოცხალი ძალა ვერ გადადიოდა მაშველების ადგილზე, ჩახერგილი გზის გამო და 4 საათი მხოლოდ ვერტმფრენს კი არა, მაშველების გადაყვანასაც დააგვიანდა და თუ ვინმე  გადარჩა, ადგილობრივების, ან საკუთარი თავის დახმარებით.

გადარჩენილთა მკურნალობის ხარჯებიც არ გაუღიათ, დათო წერდა, მჩვენ თავად ვიყიდეთ მედიკამენტებიო.

გადარჩენილთა ჯანმრთელობა არ შემოწმებულა.

დღეს განაცხადეს მიწის მასის 90 პროცენტი ავიღეთო და ანუ, 10 პროცენტი დარჩა და თუ იქ ვერ იპოვიან დაკარგულთა ცხედრებს, მერე რა ხდება? დაკარგულად გამოაცხადებენ? 

მეწყერის კერის პოვნა შეუძლებელი იყოო, თქვეს და 2 დღეში თქვეს, რიკოთზე მეწყერის კერა ვიპოვეთ და შევაჩერეთო... 

ეგენი რისი შემჩერებლები არიან და შემოგვაპარეს უკვე, რომ რიკოთზე მეწყერის საშიშროებაა და მერე იტყვიან, აბა, ხომ ვაკავებდით და ვერ შევაკავეთო...

იმის არ იყოს, სარალიძის საქმე 60 ტომიაო, რომ თქვეს და პირველ სასამართლოზე, ამ 60 ტომში მკვლელზე მინიშნებაც რომ არ იყო.

იმის არ იყოს, კობახიძე 12 დღეა ტრაქტორზე ზისო, რომ წერენ და კაცმა არ იცის, რა უნდა კობახიძეს ტრაქტორზე, ტრაქტორისტია? მაშველია? აბა, ტრანსპორტს და ხალხს აცდენს?

იმის არ იყოს, რაჭველები მაშველებს ლუკმას უყოფენო, სიხარულით რომ წერდნენ, ფოტოებს რომ ავრცელებდნენ, როგორ იყო გამოკრული მაღაზიებზე – პური მაშველებისთვის უფასოდ! ისიც არ იციან, რომ ესეთ დროს, მაშველებს და პოლიციელებს ისეთი და იმდენი საკვები უნდა ჩადიოდეს, იქეთ უნდა უნაწილებდნენ ადგილობრივებს... რატომ მოუნდა რაჭველ კაცს მაშველისთვის პური უფასოდ მიეცია? ესე იგი, ის მაშველი მაღაზიაში ყიდულობდა პურს, ხომ? და რატომ? სად გაგონილა ეს? თორემ, ჩვენ, ხალხმა რომ ერთმანეთის გატანა ვიცით, ეგ ისედაც არაა ახალი, მაგრამ სად გაგონილა, სტიქიის ზონაში მომუშავე მაშველს, პური ჰქონდეს საყიდელი? 

მაშველის ხელფასი 1500 ლარამდეაო, 1500 ლარამდეა 800 ლარიც, 900 ლარიც 1500 ლარამდეა, 1000 ლარიც და რომელიმე მაშველსაც ახლა მამა ჰყავს იქნება ავად და თურქეთის კლინიკაში კი არა, თბილისში ვერ ჩამოყავს სამკურნალოდ რაიონიდან...

მერე ვიღაც ჩემი კოლეგა დაწერს, ვაიმე, კი, ცუდები არიან, მაგრამ ადამიანის მოკვლა არ ენდომებათ, არ მჯერააა...

ადამიანის სიცოცხლე რომ არაა პრიორიტეტი, მაგიტომ ვიხოცებით, რომ კიდიათ, მაგიტომ ვიხოცებით, თორემ, თავისი ხელით დააყარეს მიწა ხალხს თავზეო, არც ჩვენ ვამბობთ... თავისი ხელით არა და თავისი ჯიბით კი ნაღდად დააყარეს, თავისი გასქელებული ჯიბით და გაქსუებული სკამებით!“ - წერს კეშელავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა