თეგებით ძიება

„ეს მგონია ყველაზე დიდი თანამედროვე ქართული ტრაგედია. ყველაზე მეტად მისახედი და სამკურნალო“ - რას წერს გიორგი კეკელიძე?

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე კონცერტზე The Killers-ის სოლისტის მიერ სცენაზე რუსი დრამერის აყვანას ეხმაურება და წერს.

„ძალიან ცხადად უნდა ვიცოდეთ, რომ დასავლური კულტურა არასდროს გრძნობდა თავს ხალვათად სასარგებლო იდიოტებისგან.  The Killers კი არა, მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებში, იშვიათად ნახავდით ინტელექტუალს და მწერალს, ვინც საბჭოთა კავშირს მხურვალე ტაშს არ უკრავდა. ნუ დააბრალებთ ამას რკინის ფარდას ან მათთვის მოწყობილ „პოტიომკინის სოფლებს" - შესანიშნავად იცოდნენ რაც და როგორც ხდებოდა, უბრალოდ არის ერთგვარი მანერა და გაუგებარი მიდრეკილებები იმ წრეებში - ამაზე სხვა დროს. თუ ჯგუფის ბოდიშის რეაქციებს გადახედავთ, ქართველი და უკრაინელი გულშემატკივრის გარდა, დიდწილად ყველა გაიძახის - „ძმები და დები ვართო". სწორედ ამგვარი მიზნის მიღწევის განზრახვით შეიქმნა თავის დროზე კატა ლეოპოლდის ანიმაციური პროექტი - გცემდნენ, გაგძარცვავდნენ, დაგამონებდნენ - მერე მოდიოდა ლეოპოლდი (რომელსაც იქით ჩაგრავენ), „შეგარიგებდა" და დიდაქტიკური ტონით გეტყოდა ორივეს, მცემელსაც და ნაცემსაც ან საკუთრივ ანიმაციაში საკუთარ თავსაც: „Ребята-давайте жить дружно!"  ამიტომ არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რაც გუშინ ახალგაზრდებმა გააკეთეს და შეიძლება, არა მხოლოდ ახალგაზრდებმა. სწორედ ჩვენნაირი ქვეყნიდან უნდა ისმოდეს ანტისაოკუპაციო ხმა ყველაზე მკაფიოდ, ჩვენ უნდა ვქმნიდეთ მსოფლიოსთვის იძულებას, დაინახოს  სისხლისღვრათა და მიტაცებათა სერია და ადეკვატური იყოს. სხვა საქმეა, რომ ჯერ წესიერად არ გათენებულა და როცა გათენდება, აქვე, ჩვენს ქვეყანაში, აღიძვრება უამრავი The Killers-ი, ოღონდ საკუთარი სინდისის და ნამუსის მკვლელი და  უარესს იტყვის „დიდი ძმის" სასარგებლოდ და არც ბოდიშს მოიხდის - პირიქით, აქეთ მოგახდევინებს. ეს მგონია ყველაზე დიდი თანამედროვე ქართული ტრაგედია. ყველაზე მეტად მისახედი და სამკურნალო“, - წერს კეკელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა