„მქონდა სატელეფონო საუბარი დათო ჯელაძესთან, შემდეგ შევხვდი.. მინდა, სინანული გამოვხატო, რომ გული ვატკინე“ - ირაკლი კობახიძე
პირველ რიგში, მე მინდა გამოვხატო სინანული იმასთან დაკავშირებით, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მედიასთან განაცხადა. ირაკლი კობახიძე შოვში, სტიქიის ზონაში იმყოფება.
„ისეთი გზა აქვს მას გამოვლილი ამისათვის თავის პატარა დისშვილთან ერთად, თავის თავს აჯობა, წარმოუდგენელი რაღაც აქვს გაკეთებული. ეს მინდა, აუცილებლად გითხრათ. რაც შეეხება შეკითხვებს, პირველ რიგში, მინდა, განვმარტო, რაზე იყო საუბარი. იყო ბრიფინგი, სადაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მაჩვენა ფოტო, რომელიც პირველად ვნახე ბრიფინგის დროს. ძალიან ხშირად ვრცელდება სოციალურ მედიაში სრულიად ყალბი ფოტოები, აქედან გამომდინარე, მე არც ვიცოდი ვის მიერ იყო ეს ფოტო დადებული და ზუსტად რა იყო ასახული ამაზე. აქედან გამომდინარე, კითხვა დავსვი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს ეს ფოტო და იქ აღწერილი მოცემულობა. ამის შემდეგ გავერკვიე ყველაფერში, რომ ეს ფოტო იყო დათო ჯელაძის მიერ დადებული და ასევე გავიმეორებ, რომ პირადად მომიყვა ისტორია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გადახდა. პირველ რიგში, სინანული მინდა, გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ გული ვატკინე, რაც მან თქვა, რაც არის დასანანი. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვქონდა შეხვედრა, ჩვენ საუბარი, მან განმარტა მისი ისტორია, მეც განვმარტე ყველაფერი, მთავარი არის, რომ ის ძალიან მძიმე ვითარებიდან გამოვიდა, გადარჩა ის, გადარჩა მისი დისშვილი, გადარჩა მისი ოჯახი და ამაში არის მისი ძალიან დიდი დამსახურება და იმ გზის დამსახურება, რომელიც მან გამოიარა თავის დისშვილთან ერთად“, – განაცხადა კობახიძემ.