სისხლიანი დაპირისპირება თუშეთში - ომალოში 3 ადამიანი დაჭრეს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში ურთიერთშელაპარაკებას დაჭრა მოჰყვა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელში ქორწილისა და ნათლობის სუფრები იყო, რის შემდეგაც, მამაკაცები ერთმანეთს შეხვდნენ და კონფლიქტი მოუხდათ. კონფლიქტს ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა, რის შედეგადაც სამი პირი დაიჭრა.
ერთ-ერთი დაჭრილი, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, მეორე კი თელავში, „ყამბარაშვილის“ კლინიკაშია მოთავსებული. მესამე მამაკაცი ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის გამო, თბილისში გადაიყვანეს.
რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის განმარტებით, ჰოსპიტალში მოთავსებულ მამაკაცს გულმკერდის არეში შემავალი ჭრილობა, სავარაუდოდ, ბასრი იარაღით აქვს მიყენებული და გაწეული სამედიცინო დახმარების შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.