„საითაც არ უნდა წახვიდეთ მმართველი გუნდის "გაპრავებაში" ყველა მხარეს მეწყერია...“ - რას წერს თამო კეშელავა?
ჟურნალისტი, თამო კეშელავა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
"გამპრავებელთა" საყურადღებოდ!
ახლა ისეთი რამე უნდა გითხრათ, პირი დაგრჩებათ ღია და ხელი ნიკაპზე აქედანვე მიიდეთ, რომ 10 წამში ხელის დახმარებით დახუროთ.
თქვენ შეგიძლიათ "გააპრავოთ" მკვლელობა, ქურდობა, კორუფცია, ადამიანების ჩახოცვა, დაგეგმილად, თუ გულგრილობით, ყველაფერი შეგიძლიათ "გააპრავოთ", გარდა კობახიძის განცხადებისა.
მაგალითად, შეგიძლიათ, თქვათ, რომ ამ მეწყერის პროგნოზირება შეუძლებელი იყო, შეგიძლიათ დაწეროთ, რომ ვერტმფრენები იქ ვიღაცა ცუდმა მექანიკოსმა დროულად არ შეამოწმა, ან განზრახ დააზიანა, ან ნაწილები ამოუღო და ჯართში ჩააბარა, ხო, რა იყო, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან თუ შეიძლება მოიპარო სამხილები და ლომბარდში ჩააბარო, ვერტმფრენი პატაკს დაწერდა?
შეგიძლიათ გვითხრათ, რომ მართალია მეწყერიდან კი ისმოდა ადამიანების ხმა, მაგრამ სინამდვილეში ეს რადიო იყო, ან ტელევიზორი, ან ტელეფონი, თორემ, ყველა მყისიერად ჩაიხოცა და მაშველების დროულად მისვლას აზრი არ ჰქონდა.
შეგიძლიათ გვითხრათ, რომ გვამებს დროულად იპოვნიან, თუ 2 თვის მერე, თუ საერთოდ ვეღარ იპოვიან, რა აზრი აქვს, მაინც დახოცილები არიან.
შეგიძლიათ დაწეროთ, რომ ადამიანები, ვინც მეწყერიდან გამოვიდნენ, ისედაც გადარჩებოდნენ და რა საჭირო იყო მაშველების ჩასვლა, ან დახმარების თხოვნა.
და თუ ფანტაზია გამოგელევათ, თქვენ მუდამ გყავთ ჩემი მართალი ღმერთი ბინძურ იღლიაში ამოდებული, რომ თქვენთვის საჭირო დროს ბავშვების დახოცვა დააბრალოთ, ან ვინმეს გადარჩენისთვის უთხრათ ყალბი მადლობა...
მაგრამ, რა დროც უნდა დახარჯოთ, რა ენერგიაც, ვერასოდეს, ვერაფრით "გააპრავებთ" იმას, რომ ხელისუფლებამ ტრაგედიიდან მე–12 დღეს, როცა ჯერ კიდევ არ არის მიწიდან ამოყვანილი ბავშვების ცხედრები, დაიწყო გადარჩენილების დევნა, მათთვის ცილისწამება, მათ შორის, ბავშვის, რომელიც მარტო ებრძოდა მეწყერს და მარტო გადარჩა. ვერავინ და ვერასდროს "გააპრავებს" იმას, რომ კობახიძემ, მთავრობამ არ იცოდა გადარჩენილთა ისტორიები და ფოტოები, თუ იცოდა და განზრახ დასწამა ცილი დანაშაულია (და კი, მგონია, ასეა, უბრალოდ, მერე, ნახა რომ მისი მპოსტავებით ვერ მოგვერია), და თუ არ იცოდა, ეგაც დანაშაულია!
ვერავინ და ვერაფერი "გააპრავებს" იმას, რომ თურმე, მთავრობას 2 წყეული დღე დასჭირდა გადარჩენილთა სიმართლის გადასამოწმებლად, ან რაში დასჭირდათ გადამოწმება, ან ეჭვი რატომ შეეპარათ, მაგრამ, თუ იცოდნენ და აცადეს მომხრეებს, რომ კარგად ელანძღათ გადარჩენილები და ენახათ, თუ მოგვერეოდნენ – ანუ, თუ განზრახ გააკეთეს და კი, მგონია ასე იყო – ეს დანაშაულია და თუ მართლა ვერ დაადგინეს წყეული ორი დღე გადარჩენილთა სიმართლე – ესეც დანაშაულია, ესე იგი, ყველა სახელისუფლებო ინსტიტუტი ჩამონგრეულია და აღარ არსებობს!
საითაც არ უნდა წახვიდეთ მმართველი გუნდის "გაპრავებაში" ყველა მხარეს მეწყერია...
და ახლა სახელისუფლებო ინსტიტუტების ჩამონგრევას ღმერთს ვერ დააბრალებთ... ვერც კობახიძის განცხადებებს დააბრალებთ ღმერთს...
და კიდევ არის ერთი უდიდესი დანაშაული, რომლის მონაწილეებიც ხართ ხელისუფლებასთან ერთად – იმის ნაცვლად, რომ შოვის საქმის გამოძიებას ითხოვდეთ, თქვენ და მმართველი გუნდი, 2 დღე ითხოვდით გადარჩენილთა გადარჩენის გამოძიებას და ამას ვეღარავინ და ვეღარაფერი ვეღარ შეცვლის!
კობახიძემ გაბედა და გამოძიებას უკარნახა, ჩვენ უდანაშაულოები ვართო, გადარჩენილების გადარჩენის გამოძიება დაიწყო და ჩვენ უდანაშაულოები ვართო, მერე რა, რომ 4 საათი დავაგვიანეთ და მანამდე 10 წელზე მეტი დავაგვიანეთო და კი, რატომაც ვერ იტყვის, ჯიბეში უზით პროკურატურა და სასამართლო, ეს უკვე "გაუპრავეთ", პროკურატურაც იგივეს ამოსძახებს და ხალხის დახოცვას სამსახურეობრივ გულგრილობასაცცცც კი არ დააბრალებს, ხალხის გადარჩენა შეუძლებელი იყოო, ისიც გაიმეორებს და ზოგ ცხედარს თუ ვერ იპოვიან, აგერ, 13 ივნისიდან დღემდე ვერ იპოვეს ერთი ცხედარი, რა იყო, ეგეთები "გაგიპრავებიათ"? არც ერთ გადარჩენილს რომ საჭირო გამოკვლევები ჩატარებია, კაი, ახლა, სად აქვს საქართველოს ჯანდაცვას მაგის შესაძლებლობა, გომელაურს ხომ ხედავთ თურქეთში მიყავს მამა სამკურნალოდ, მაგასაც კი "გააპრავებთ", რომელიმე თუ მოკვდება იმ გადარჩენილებიდან, იმ ღამის ბრალი კი არ იქნება, ღმერთი წაიყვანს თავისთან, შვილი მოაკითხავს ზეციდან და ა.შ. არც ეგაა რთული.
ვიღაცა თუ იკითხავს, რატომ სთხოვა გომელაურმა თავის მამაზე დახმარება თურქეთს და რატომ არ სთხოვა დახმარება სხვების მამებზე და შვილებზე, იტყვით, ეგ კითხვა ამორალურიაო, და დაბრუნდებით იქ, საიდანაც დაიწყო კობახიძემ, რომ აღარავისი გადარჩენა აღარ შეიძლებოდა.
მოკლედ, ყველაფრის "გაპრავება" შეგიძლიათ, ყველაფრის გაყალბება შეუძლიათ, მაგრამ იმას, რომ 12 დღის მერე ტრაგედიიდან, მმართველმა გუნდა, თურმე არ იცოდა გადარჩენილთა ისტორიები, მერე აზრად მოუვიდა, რომ გადარჩენილთა გადარჩენა გამოეძიებია 2 დღე დასჭირდა, თურმე, ამის დასადგენად, ვერავინ და ვერაფერი "გააპრავებს", - წერს კეშელავა.