განუმეორებელი გოგი ხარაბაძე! წავიდა თავის შვილთან! - ნიკოლოზ წულუკიძე
თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე გოგი ხარაბაძის გარდაცვალების გამო სოციალურ ქსელში წერს:
განუმეორებელი გოგი ხარაბაძე! წავიდა თავის შვილთან!
გოგი ხარაბაძე 1942 წლის 12 ივლისს, თბილისში დაიბადა. 1963 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სამსახიობო ფაკულტეტი. 1963 - 1993 წლებში მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში.
მისი კინოდებიუტი შედგა ფილმში "გიორგობისთვე“ 1966 წელს, რომელშიც ოთარის როლი შეასრულა. შემდეგ იყო ნოდარი ("ჩემი მეგობარი ნოდარი“, 1967 წელს), კაზა ჩხეტია ("დათა თუთაშხია“, 1978 წელს) და სხვა. მონაწილეობდა ტელეფილმებში: დავით კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება“, 1974 წელს (აბესალო) და ლეო ქიაჩელის "გვადი ბიგვა“, 1977 წელს (არჩილ ფორია).
ხარაბაძე მრავალმხრივი შემოქმედი გახლდათ. გამოირჩეოდა მაღალი პროფესიულობით. შექმნილი აქვს ტელეთეატრის ციკლი: "პოეზიის 30 წუთი“ (1974), "ბედი ქართლისა“ (1975), "აკაკი წერეთელის მონოლოგი“ (1979), "ვაჟა-ფშაველას ნაანდერძევი“ (1983), "დავით კლდიაშვილის ნაამბობი“ (1985) და სხვა.
გამოცემული აქვს ბიბლიის, შოთას "ვეფხისტყაოსანის“, ილია ჭავჭავაძის ლექსების, აკაკი წერეთელის ლექსებისა და პოემა "თორნიკე ერისთავის“, ვაჟა-ფშაველას ლექსებისა და პოემების "ალუდა ქეთელაურის“ და "სტუმარ-მასპინძლის“, გალაკტიონ ტაბიძის და სხვა ცნობილი პოეტების ლექსების, ქართული ზღაპრების აუდიო ვერსიები.