თეგებით ძიება

ავსტრალიაში გიგანტური, დრაკონის მსგავსი, მფრინავი ქვეწარმავლების ნამარხი აღმოაჩინეს

„დაახლოებით 105 მილიონი წლის წინ, თანამედროვე ავსტრალიის ტერიტორიაზე გიგანტური, ფრთიანი ქვეწარმავალი ბინდრობდა. ის მფრინავი ქვეწარმავლების გადაშენებული კლადის უკანასკნელი წევრია, რომელსაც პტეროზავრს უწოდებენ და კონტინენტის ყველაზე დიდი მფრინავი ქვეწარმავალია,“ - ნათქვამია ახალ კვლევაში.

"ეს არსება უკვე რეალურ დრაკონად შეიძლება ჩაითვალოს", - თქვა კუინსლენდის უნივერსიტეტის მეცნიერმა ტიმ რიჩარდსმა.

პტეროზავრს 1 მეტრამდე სიგრძის თავის ქალა, წვეტიანი დინგი და 40-მდე ბასრი კბილი ჰქონდა. ეს პტეროზავრი, სავარაუდოდ, ცხოვრობდა  ერომანგას [რომელიც ცარცულ პერიოდში აღმოსავლეთ ავსტრალიის დიდ ნაწილს ნაწილს იკავებდა] გიგანტურ შიდა ზღვის კიდეზე და თევზზე ნადირობდა. 

"ეს არსება ბროკოლს ნამდვილად არ შეჭამდა. ის საშინელი სანახავი იქნებოდა,” - თქვა ტიმ რიჩარდსმა.

არსებობს პტეროზავრის 200-ზე მეტი სახეობა, მათ შორისაა 5 მ სიმაღლის კეცალკოატლუსი და ბეღურას ზომის ანუროგნატუსი. ბუმბულიანი ფრინველებისგან განსხვავებით, პტეროზავრებს თითებს შორის გაჭიმული მემბრანული ფრთები ესხა. 

ქუინსლენდის უნივერსიტეტის გუნდმა ქვეწარმავლის ზომა და უნიკალური სახეობის მახასიათებლები მისი ყბის საფუძველზე დაადგინა. მათ ახალ პტეროზავრს Thapunngaka shawi დაარქვეს, რომელიც შეიცავს სიტყვებს ვანამარა ერის, ავსტრალიის თავდაპირველი მოსახლეობის ერთ-ერთი ძირძველი ჯგუფის, ამჟამად უკვე გადაშენებული ენიდან.

ავსტრალიაში ან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში პტეროზავრის ნამარხების პოვნა რთულია, რადგან მათ მტვრევადი, მსუბუქი ძვლები აქვთ. შესაბამისად, მათი განვითარების დიდი ნაწილი პალეონტოლოგებისთვის უცნობია.

„პტეროზავრების უმეტესობა, სავარაუდოდ, სიკვდილის შემდეგ ზღვაში ჩაცვივდა და მტაცებელმა მხეცებმა შთანთქა. ბევრი მათგანი ვერასდროს მიაღწევდა ზღვის ფსკერამდე და ვერც მათი გაქვავების პროცესი დაიწყებოდა“, - თქვა ტიმ რიჩარდსმა.

გასულ თვეში, ბრიტანელმა მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ პატარა პტეროზავრებს თოლიის ზომის კვერცხებიდან გამოჩეკვის შემდეგ რამდენიმე საათში ან წუთში შეეძლო ფრენა. 

„Thapunngaka Shawi-ს ნამარხი ამ აღმოჩენის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ასპექტია. ქვეწარმავლების ქვედა და ზედა ყბების ძვლოვანმა წვეტებმა, ალბათ, დიდი როლი ითამაშა ამ არსებების ფრენის დინამიკაში და იმედია, მომავალი კვლევები უფრო ზუსტ პასუხებს მოგვცემს,“ - ამბობენ მეცნიერები. 

პტეროზავრების არსებობა განსაკუთრებით დამაინტრიგებელია, რადგან ისინი პირველი ფრენისუნარიანი ხერხემლიანები იყვნენ. ზოგიერთი პტეროზავრი ჯერ კიდევ 66 მილიონი წლის წინ არსებობდა, ზოგი კი - 250 მილიონი წლის წინ. 

წყარო: https://www.smithsonianmag.com/smart-news/giant-dragon-flying-reptile-fossil-discovered-australia-180978411/


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა