„არც გაქცევა მინდა, არც ზეზეულად სიკვდილი, არც არსებობა, ცხოვრება მინდა ჩემ ქვეყანაში, ჩემ ქვეყანაში მინდა ადამიანად ვიგრძო თავი...“ - თამო კეშელავა
ჟურნალისტი, თამო კეშელავა სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.
„მეც მინდა სულელური სტატუსების წერა, ცეკვა მინდა ხშირად, სულ მინდა მუსიკის მოსმენა, ხან დაბალ ხმაზე, ხან მაღალ ხმაზე, ხშირად მინდა სიცილი და ბევრი ფერადი დღეები მინდა, მინდა, მოვითხოვო სულელური რეგულაციების გაუქმება, მინდა, ერთი ზურგჩანთით წავიდა სახეტიალოდ რამდენიმე კვირით და გადავიკარგო საქმეებისგან, მინდა ფოტოგრაფიით დავკავდე, წერა მინდა ლამაზ ისტორიებზე, მაგრამ არ მაქვს ამის ფუფუნება, სამწუხაროდ.
როცა სიცოცხლისთვის აუცილებელი რეგულაციები არ გვაქვს, როცა ადამიანები პანტა–პუნტად იხოცებიან, ვინც არ იხოცება გარბის, ვინც არ იხოცება და არ გარბის, რჩება, რომ გაჭირვებაში იარსებოს და ნელი სიკვდილით კვდება ყოველ დღე...
რანაირად უნდა გავიცინო, როცა 12 წლის მოკლული გოგოს სხეულიდან აღებული მტკიცებულება გააფუჭა სამხარაულმა და არაფერი მოხდა...
რანაირად უნდა ვიცეკვო, როცა ბავშვი დაიხრჩო აუზში და თურმე, მშობლის ბრალია, თურმე, შეუძლიათ მშობლებს, მიყარონ ასე ბავშვები აუზზე და დაახრჩონ და სახელმწიფო არაფერ შუაშია...
რანაირად უნდა ვწერო სახალისო სისულელეებზე, როცა ძროხების და თხების, ღორების სადგომზე გვაქვს რეგულაცია და აუზზე არა? როცა ბოროტი, მავნე სისულელეები მაყრია თავზე?
რანაირად შეიძლება პეპლები შევასიო სხეულს, როცა ქუჩაში ბედნიერ სახეებს ვეძებ და ვერ ვპოულობ?
მუსიკა დავიტოვე, მაგას ვერ შეველიე, ვუსმენ ხოლმე, მაგრამ უმეტესად დაბალ ხმაზე, მაშინაც კი, როცა ხმამაღალზე მინდა მოსმენა...
ზოგჯერ ვცეკვავ, ღამით, მარტო და ვარჯიშს ვარქმევ...
არც გაქცევა მინდა, არც ზეზეულად სიკვდილი, არც არსებობა, ცხოვრება მინდა, ჩემ ქვეყანაში მინდა ცხოვრება, ჩემ ქვეყანაში მინდა ადამიანად ვიგრძო თავი...
და მერე ვიღაც დამმოძღვრავს: – მთავარია, ჯანმრთელი იყო.
და ვინ იცის, შენ იცი, რომ ჯანმრთელი ხარ? ხო, შენ, ვინც ახლა ამას კითხულობ? თუ რამე არ გაწუხებს მიდიხარ ექიმთან? ამოწმებ ყველა ორგანოს 6 თვეში ერთხელ?
ან რანაირად ვიქნები ჯანმრთელი, როცა ადამიანად მინდა ცხოვრება ადამიანებთან ერთად და მხოლოდ არსებობას ვუყურებ ყოველ დღე?
რანაირად ვიქნებით ჯანმრთელები ამ პირობებში?
ვინც ცოცხალია, ყველა ჯანმრთელია?
დათუნა სარალიძე ჯანმრთელი იყო.
ჯანმრთელი იყო ის 12 წლის გოგო, რომლის ცხედრიდან მტკიცებულება აიღეს და მერე გააფუჭეს და არაფერი, შერჩათ.
ჯანმრთელი იყო ის ბავშვი, აუზში რომ დაიხრჩო.
ჯანმრთელი ადამიანები გარბიან ქვეყნიდან.
შეგუებაც ავადმყოფობაა, გაჩუმებაც ავადმყოფობაა, ვერც მე ვიქნები ჯანმრთელი მაშინ, როცა ცეკვის და სიცილის მრცხვენია, როცა სიხარულის გამოხატვა მეუხერხულება, როცა ვერ ვცხოვრობ და ვარსებობ...
არადა, ზუსტად ვიცი, რომ ცხოვრებისთვის დავიბადე, ცხოვრებისთვის მოვედი ამქვეყნად...
მივდივარ, მივდივარ, არ ვჩერდები და ცხოვრებას მაინც ვერ დავეწიე... ერთხელაც იქნება და ვიფიქრებ, იქნებ, სულაც არაა ცხოვრება წინ და უკან მომდევს იქნება, ვერ მეწევა იქნება და დავჯდები მეც შუა გზაზე, დაველოდები და მეც დავიწყებ ზეზეულად სიკვდილს, რადგან მხოლოდ სიკვდილი მოდის გზის ბოლოდან, ცხოვრება ყოველთვის წინ მიდის, მხოლოდ მოძრაობას აქვს აზრი და სიკვდილის ლოდინში ცხოვრების გატარებას თუ გადავწყვეტ ერთხელაც, შემომილაწუნეთ, ყველაფერი გააკეთეთ, ოღონდ, იმ გზაზე დამჯდარი არ დამტოვოთ...
მადლობა და ბოდიში!
26 ივლისი, 2023 წელი.
მაშინ რას ვიფიქრებდი, რომ 3 აგვისტოდან სიცილი კი არა, ღიმილიც გამიჭირდებოდა.
და დადის ის კაცი, მიწაში შვილების მაძიებელი კაცი შოვში... დღისით იქ დადის და ღამით ჩემ სიზმრებში...“ - წერს კეშელავა.