თეგებით ძიება

ჩნდება ეჭვი, რომ შოვის ტრაგედიისას, სულ მცირე, თანამდებობრივი გულგრილობა არსებობდა - სერგო ჩიხლაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, 3 აგვისტოს შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ხელისუფლებამ სწრაფად არ იმოქმედა, რაც აჩენს ეჭვს, რომ ადგილი ჰქონდა, სულ მცირე, თანამდებობრივ გულგრილობას. მისივე თქმით, ამის გასარკვევად ოპოზიციური საგამოძიებო კომისიის შექმნა ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

„საპარლამენტო საგამოძიებო კომისია არის ყველაზე ეფექტური, კომპლექსური ბერკეტი, რომელსაც შეუძლია, კითხვა დაუსვას და გამოიძიოს ყველა საპარლამენტო თანამდებობის პირის საქმიანობა. ჩემი აზრით, ძალიან გამჭვირვალე პროცესი იქნება და ბევრ საკითხს, რასაც „ქართული ოცნება“ პასუხს არ სცემს, ფარდას ახდის. კითხვა ბევრი იქნება, იმით დაწყებული, რატომ არ გვაქვს წინასწარი შეტყობინებების სისტემები, დამთავრებული იმით, თუ რა გააკეთეს ადამიანების გადასარჩენად პირველ 6 საათში, ყველაზე კრიტიკულ დროს. ასეთივე პასუხგაუცემელი კითხვებია, თუ რატომ არ ჩავიდა პრემიერი შემთხვევის ადგილას პირველ 24 საათში და რატომ არავინ იზრუნა იმაზე, რომ სპეციალური საინფორმაციო ქსელები შექმნილიყო, რომელიც ადამიანებს ინფორმაციას ხშირად მიაწვდიდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ სულ მცირე, თანამდებობრივი გულგრილობა არსებობდა.

ოპოზიციური პარტიები საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ერთსულოვნები ვართ. ერთადერთი პარტია, რომელიც არ გვიერთდება, ეს არის „პარტია საქართველოსთვის“. ესეც საკითხავია, რა მიზეზი აქვთ მათ. ადეკვატური დასაბუთება მე ჯერ ვერ მოვისმინე, თუმცა მსგავსი შემთხვევაც ერთგვარი პოლიტიკური ტესტია, რადგან ჩანს, ვინ სად დგას და ვის რამდენად სურს ჭეშმარიტების დადგენა“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა