რა საფრთხეებს უქმნის ბავშვებს უმოძრაობა?
ჰიპოდინამიის სინდრომი (ცხოვრების უმოძრაო წესი) ჩვენი საუკუნის დაავადებად და ტექნიკური პროგრესის თანმხლებ უარყოფით მოვლენად განიხილება.
ჰიპოდინამია გულისხმობს კუნთების სისუსტეს, განპირობებულს ცხოვრების მჯდომარე წესითა და მოძრაობითი აქტივობის შეზღუდვით.
ის განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და მოზარდებისათვის, რადგანაც აფერხებს ორგანიზმის ნორმალურად ფორმირებას, უარყოფით გავლენას ახდენს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის განვითარებაზე. იმუნიტეტის (სხვადასხვა დაავადებისადმი ორგანიზმის სენშეუვალობის) დაქვეითება და ბევრი დავადების ქრონიკული მიმდინარეობა, ხშირად სწორედ ჰიპოდინამიით არის განპირობებული. მოძრაობითი აქტივობა და რეგულარულად ფიზიკური დატვირთვა, არა მხოლოდ ხელს უწყობს ბავშვის ჩონჩხისა და კუნთოვანი სისტემის ჩამოყალიბებას, არამედ უზრუნველყოფს ნივთიერებათა ცვლის პროცესთა რეგულაციას, სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების ფუნქციის სრულყოფას, აჯანსაღებს და აკაჟებს ორგანიზმს.
გაგიკვირდებათ, მაგრამ ფაქტია, რომ მოძრაობის ნაკლებობა, მუდმივად ჯდომა და წოლა, მხოლოდ საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას კი არ ვნებს, ანუ მხოლოდ კუნთებსა და სახსრებს კი არ "აზარმაცებს" და ასუსტებს, არამედ, გონებრივი შესაძლებლობების შეზღუდვასაც განაპირობებს. კუნთოვან მასაზე დატვირთვის შემცირება აუარესებს ქსოვილთა სისხლით მომარაგების პროცესს. ამის შედეგად უჯრედებამდე ჟანგბადის შეზღუდული რაოდენობა აღწევს და იწყება ჰიპოქსია (ჟანგბადოვანი შიმშილი).
წყარო: „მშობლები“