"ღალატისთვის მეუღლეს შეგიძლიათ სასამართლოში უჩივლოთ და ფულადი ანაზღაურება დააკისროთ" - რას ამბობს იურისტი?
იცოდით, რომ ღალატისთვის მეუღლეს შეგიძლიათ სასამართლოში უჩივლოთ და ფულადი ანაზღაურება მოსთხოვოთ? ეს ნამდვილად შესაძლებელია, თუ მასთან საქორწინო ხელშეკრულება გაქვთ დადებული. ამის შესახებ განმარტავს იურისტი სოციალური ქსელის გვერდზე "სამართალი მარტივად" .
- იცოდით, რომ შესაძლებელია, ღალატისთვის მეუღლეს ფულადი ანაზღაურება მოსთხოვოთ?- კანონი იძლევა შესაძლებლობას, რომ მეუღლეებმა, ან დასაქორწინებელმა პირებმა გააფორმონ საქორწინო ხელშეკრულება ქორწინებამდე, ან ქორწინების შემდგომ, ნებისმიერ დროს. მხარეებს შორის შეიძლება განაწილდეს ქონებრივი უფლება-მოვალეობები, როგორც ერთად ცხოვრებისთვის, ასევე განქორწინების შემთხვევებისთვისაც. საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება ასევე შემოსავლებში მონაწილეობის ვალდებულებასაც ითვალისწინებდეს. მაგალითად, ერთი მეუღლე შეიძლება კისრულებდეს ვალდებულებას, რომ საკუთარი შემოსავლების ნაწილი მეორე მეუღლეს გადასცეს და ასე შემდეგ. ხელშეკრულებაში შეიძლება გაიწეროს, თუ რა შეიძლება მოითხოვოს მხარემ, თუ მას მეუღლე უღალატებს, თუ ის ნარკომანი, ალკოჰოლიკი აღმოჩნდება, ან ჩაიდენს რაიმე უღირს საქციელს და ასე შემდეგ. მაგალითად, ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის საქორწინო ხელშეკრულებაში განსაზღვრულია 5 მილიონი დოლარის კომპენსაცია იმ შემთხვევაში, თუ ერთი მეორეს უღალატებს. საქართველოში აღნიშნულმა ინსტიტუტმა ფეხი ვერ მოიკიდა, რადგან საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ საქორწინო ხელშეკრულება მეუღლეთა ნდობას ეწინააღმდეგება. - ამბობს იურისტი.
წყარო: mshoblebi.ge