"ასეთი იყო, უზომოდ პოზიტიური, სამართლიანი, ყურადღებიანი, უბრალო, საოცრად ფერადი და თითქოს ყოვლისშემძლე“ - ნანა ჯანაშიას ემშვიდობებიან
CENN-ის აღმასრულებელ დირექტორს, ნანა ჯანაშიას, რომელიც 51 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაიცვალა მისი კოლეგა, მარიკო წიქორიძე ემოციურად ემშვიდობება.
„ძალიან ბევრი მირეკავს და კიდევ უფრო მეტი მწერს – მადლობა, მეგობრებო და ბოდიშს გიხდით, რომ ყველას ვერ გპასუხობთ, შოკირებულები ვართ ყველა.
არ ვიცი, საიდან უნდა დავიწყო, მაგრამ ვიცი, რომ არ უნდა გავჩერდე და კიდევ უფრო მეტი შემართებით გავაგრძელო. ისე, როგორც ნანას მოეწონებოდა.
ის ყოველთვის მაძლევდა ძალას საქმის საუკეთესოდ კეთებისთვის. ლეონმა შემარქვა ძლიერი ქალი „strong women“ და ნანა ხშირად იღიმოდა ამაზე, თუმცა ეს იყო შემართებაც.
ყოველთვის ვგრძნობდი მის მხარდაჭერას, თანადგომას და ნდობას: „შენნაირი ძლიერი ქალები გვჭირდება ყველგან“, – ამბობდა და მრჩებოდა განცდა, რომ იმაზე მეტად სჯეროდა ჩემი, ვიდრე მე საკუთარი თავის.
ერთხელ ახალგაზრდებმა შეხვედრაზე ჰკითხეს: „რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?“ – მან კი ჩვეული ღიმილით უპასუხა: „არ არსებობს წარმატების ფორმულა, არსებობს მიზანი და დაუღალავი შრომა“.
ასეთი იყო, უზომოდ პოზიტიური, სამართლიანი, ყურადღებიანი, უბრალო, საოცრად ფერადი და თითქოს ყოვლისშემძლე. ყოველი საქმიანი სირთულის ბოლოს იყო ნათელი წერტილი – ნანა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ახლა იქიდან გააგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას.
ძალიან მიყვარხარ და უამრავი მადლობა ყველაფრისთვის. ძალიან ბევრი დამგროვებია ამ 15 წლის მანძილზე, ვერ მოვასწარი მეთქვა ყველა ერთად, გულწრფელად და ღიად. დროებით“, – წერს მარიკო წიქორიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, ნანა ჯანაშია 17 აგვისტოს, დომინიკელთა რესპუბლიკაში სანაპიროზე მეხის ჩამოვარდნისგან ადგილზე გარდაიცვალა.