თეგებით ძიება

"რუსეთის სპეცსამსახურები საქართველოში თავს ისე გრძნობენ, როგორც ოაზისში... - გია ხუხაშვილი

ექსპერტი, გია ხუხაშვილი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ეხმაურება რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მასიურად შემოსვლას და აცხადებს:

„ამ ყველაფერს შესაბამისი უწყებები ვერ თუ არ აკონტროლებენ. რუსები თბილისსაც ითვისებენ და მეტასტაზებივით ვითარდება ეს ყველაფერი, მაგრამ, ჩემი აზრით, ის, რაც ხდება ბათუმში, ეს უკვე მიზანმიმართული სპეცოპერაციაა. არ ვამბობ, რომ ყველა, ვინც ჩამოდის, ანგაჟირებულია, ან ყველამ, ვინც ბათუმში სახლდება, ამ სპეცოპერაციის შესახებ იცის, მაგრამ ამ პროცესს ჰყავს მოსკოველი კურატორები და სამწუხაროდ, აქაური ქართველებიც. ამაში სავსებით დარწმუნებული ვარ. პატარა ბიჭი არა ვარ, ვიცი, როგორ აზროვნებს რუსული იმპერია, როგორი მოკლე და გრძელვადიანი ამოცანები აქვს.რუსეთი ძალიან არის დაინტერესებული ბათუმით. ეს არის ქალაქი, რომელიც ნატოს საზღვარზეა, მოგეხსენებათ, თურქეთი ნატოს წევრია. რუსეთ-უკრაინის ომი ხომ ლოკალური არ არის. ეს არის დიდი, გლობალური ომის ნაწილი და მისი ერთ-ერთი ფუნდამენტური განზომილებაა დაპირისპირება რუსეთსა და ნატოს შორის. რაც დრო გავა, ეს განზომილება მეტად აგრესიული და პრინციპული შეიძლება გახდეს. აქედან გამომდინარე, რუსეთი ახლა ცდილობს ბათუმი აქციოს ამ დიდი დაპირისპირების ფორპოსტად. ჩემი აზრით, ეს არის რუსეთის სტრატეგიული გეგმა. შესაბამისად, რაც მეტი რუსი დასახლდება ბათუმში, ეს ამოცანა მით მეტად ადვილად გადასაწყვეტი იქნება კრემლისთვის, მით უფრო, რუსეთს კონსტიტუციაში პირდაპირ უწერია, რომ დაიცავენ საკუთარ მოქალაქეებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ვიმეორებ, ეს პროცესი სისტემური და მართულია. თუ ასე გაგრძელდა, ეს ყველაფერი საქართველოს ძალიან ძვირი დაუჯდება.

დემოგრაფიულ განზომილებას თუ ავიღებთ, ეს კიდევ ცალკე უბედურებაა. მე არ ვიცი, რას ფიქრობენ საქართველოს ხელისუფლებაში. როგორც ჩანს, იქ ვიღაც ბრიყვია და ამას სერიოზულად არ უყურებს, ვიღაც ფინანსურად არის დაინტერესებული და ამ აქტივობით ხელს ითბობს, ვიღაც მიზანმიმართულად მუშაობს რუსეთზე. ამ პროცესს მრავალი ნეგატიური მხარე აქვს, ერთი სისტემურია, რაზეც უკვე ვილაპარაკე, აგრეთვე საყოფაცხოვრებოც - რუსებს ეკონომიკური გარყვნილება შემოაქვთ საქართველოში. შეუძლებელია ამ ყველაფერს ვერ ხედავდეს ქვეყნის არაფორმალური ხელისუფალი. მთავარი კითხვა მაქვს მასთან: ამას რატომ უშვებს? ამ კითხვაზე პასუხისმგებლობას მეც ვგრძნობ რაღაც დოზით. თუ ასეთი რამ ხდებოდა, რამ დამაბრმავა, როგორ ვერ დავინახე? თუმცა, ვფიქრობ, მაშინ, როდესაც მე ივანიშვილის თანამებრძოლი ვიყავი. მთლად ასე არ იყო საქმე და მერე მოხდა რაღაც“, - აცხადებს ხუხაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა