თეგებით ძიება

„თუ დანაშაული მოხდა და დაზარალებულად გვყავს უკვე ერთი აღიარებული, დამნაშავე როგორ არ გვყავს?“ - რას წერს თამო კეშელავა შოვის ტრაგედიაზე?

ჟურნალისტი, თამო კეშელავა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით მორიგ პოსტს აქვეყნებს.

„კობახიძემ ერთი კარგი საქმე კი გაგვიკეთა იმ თავისი ბოდიშით:

მან ტრაგედიიდან მე–12 დღეს თქვა, რომ არ სჯერა დაზარალებულთა ისტორიების (კერძოდ, დავით ჯელაძეზეა საუბარი.)

2 დღე დასჭირდა კობახიძეს (და ზუსტად ამდენივე დრო ლანძღავდნენ გადარჩენილებს) იმისათვის, რომ ბოდიში მოეხადა და თქვა, რომ დავით ჯელაძეს ესაუბრა და დარწმუნდა მის სიმართლეში.

რას ამბობდა დავით ჯელაძე?

ის ამბობდა, რომ თავად გადაირჩინა თავი და გადაარჩინა ბავშვი.

ამბობდა, რომ ესმოდა ადამიანები როგორ ითხოვდნენ შველას, მაგრამ ვერ უახლოვდებოდა იმ ადგილს. (აქვე იმასაც გაგახსენებთ, რომ სწორედ ამ ხმებს გაჰყვა ერთი ახალგაზრდა და სხვისი სიცოცხლის გადარჩენისთვის რომ იბრძოდა, თავადაც დაიღუპა).

ამბობდა, რომ ბავშვი, ტასო, 4 საათი მარტო ებრძოდა მეწყერს.

ამბობდა, რომ ვერტმფრენები რამდენიმე საათის მერე მიფრინდნენ და მინდორზე დასხდნენ, არც კიბე ჰქონდათ, არც კალათა და ვინც თავისით გადარჩა, თავადვე მივიდა ვერტმფრენამდე.

ამბობდა, რომ დროული უნდა ყოფილიყო დახმარება და რაჭას უნდა ჰყავდეს სპეც. აღჭურვილი ვერტმფრენები.

ხოდა, კობახიძემ, დავრწმუნდი დათოს სიტყვებშიო და ბოდიშიო.

თან ბოდიშის სათქმელად დასჭირდა კობახიძეს 48 საათი – ანუ, მას უკვე ხელთ უნდა ჰქონოდა ყველა ინფორმაცია, რაც შეიძლება არსებობდეს გადარჩენილებზე, და თუ არ აქვს – უარესი.

ხოდა, ესე იგი, კობახიძე ეთანხმება და აღიარებს, რომ შოვში ადამიანები მაშველების, ვერტმფრენების გარეშე 4 საათი მარტონი ებრძოდნენ მეწყერს? აღიარებს, რომ ყველა ვინც გადარჩა, თავისით გადარჩა? აღიარებს, რომ ვერტმფრენს მხოლოდ გადარჩენილთა გადმოყვანა შეეძლო და არა სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობა? აღიარებს, რომ მიწიდან საათობით ისმოდა ადამიანთა ხმა და ირგვლივ არავინ იყო, არც მაშველი გადაიყვანეს მეორე ქედიდან 4 საათი, არც ვერტმფრენი იყო და საერთოდ არავინ ადგილობრივების გარდა? აღიარებს, რომ პირველ საათებში იქ იყვნენ ადამიანები ცოცხლები, ის ადამიანები, ვისი ცხედრებიც ახლა ამოაქვთ?

პოლიტიკურად ეს ამბავი დასრულებულია – მმართველი გუნდის ლიდერმა ამ ბოდიშით ისეთი რამეები აღიარა, ამ ამბის პოლიტიკური გაგრძელების უფლება მმართველ გუნდს აღარ აქვს.

და მაინც, ამის შემდეგ, კობახიძე ამტკიცებს, რომ ყველანი უდანაშულოები არიან და რომ იმ ადამიანების გადარჩენა არ შეიძლებოდა. 

რატომ? ვის აქვს კითხვაზე პასუხი – რატომ არ შეიძლებოდა იმ ადამიანების გადარჩენა, რომლებიც მეწყერში მყოფნი ცოცხლები იყვნენ და გადარჩენას ითხოვდნენ?

ან, ვის აქვს კითხვაზე პასუხი – რატომ არ იყო ვერტმფრენი მზად? რატომ დასჭირდა მაშველების ადგილზე გადაყვანას 4 წყეული საათი?

მაინც ვერ გადაარჩენდნენო.

ვინ დაასკვნა ეგ?

ეგრეც რომ იყოს, ეს რატომ ცვლის იმ ფაქტს, რომ ვერტმფრენი არ იყო მზად ასაფრენად და დააგვიანდა 4 საათი?

ეგრე, პენსიით მაინც ვერ იცხოვრებ და იქნება, პენსიაც აღარ მიგეცათ ბიუჯეტიდან ადამიანებისთვის?

შს მინისტრმა, 2 საათი ღრუბლებში იფრინესო – წარადგინეს, ალბათ, მტკიცებულება უკვე რომ 2 საათი ღრუბლებიდან გზა ვერ გამოიგნეს...

დავით ბერიაშვილის დედა ცნობილი იქნება დაზარალებულის უფლებამონაცვლე პირად. 

PHR, რომელიც ამ საქმეშია ჩართული, აცხადებს, რომ სამსახურეობრივი გულგრილობა დაასახელეს დანაშაულის ერთ–ერთ მიზეზად ბერიაშვილის დაზარალებულად ცნობისათვის და პროკურატურა დაეთანხმა. 

თუ დანაშაული მოხდა და დაზარალებულად გვყავს უკვე ერთი აღიარებული, დამნაშავე როგორ არ გვყავს?

თუ ვაღიარებთ, რომ დავით ბერიაშვილის სიკვდილი დანაშაულის გამო მოხდა, მაშ, როგორ ამტკიცებს კობახიძე, რომ არ შეიძლებოდა მისი გადარჩენა?

სამართლებრივადაც წაგებულია ეს საქმე უკვე.

რაც შეეხება იმას, შსს–ს რომ შსს–ს დანაშაულის გამოძიება დაევალა და იურისტები რომ ითხოვენ, ჩამოერთვას საქმე შსს–ს და გადაეცეს პროკურატურას. პროკურატურა გამოძიების ზედამხედველია და მის გარეშე შსს ამ საქმეს ისედა ვერ გააყალბებს, თუ ამ საქმის გაყალბება მოინდომეს, პროკურატურასაც გააყალბებინებენ, მაგრამ ეს საქმე მაინც უნდა ჩამოერთვას შსს–ს, პრეცედენტისთვის, მომავლისათვის, იმისათვის, რომ ოდესმე, როცა პროკურატურას ექნება მეტი ნდობა, შსს–ს შსს–ს დანაშაულის გამოძიება აღარ დაევალოს.

საქმე იმიტომაც უნდა ჩამოერთვას შსს–ს, რომ მინისტრმა გომელაურმა, წინასწარი განცხადებები აკეთა უკვე და თქვა, რომ მის უწყებას დანაშაული არ ჩაუდენია, ის კი არ თქვა, დაველოდები გამოძიებასო, არა, მართლები ვართო, თქვა, რომელი გამომძიებელი წავა მინისტრის სიტყვების წინააღმდეგ?

იგივეს აკეთებს კობახიძეც, ცდილობს საკუთარი გუნდის გავლენების გამოყენებით, წინასწარ დადოს იმ საქმეზე დასკვნა, რომელი საქმის გამოძიება არ დასრულებულა კი არა, ცხედრებიც კი არ უპოვიათ ჯერ ყველა.

თან ეს იმ ფონზე, რომ ეს საქმე პოლიტიკურად, მისივე ბოდიშით, უკვე მთლიანად წააგო და მან კი კარგად იცის, რომ წააგო, მაგრამ თუ არავინ ჰყავს ამის პირში მთქმელი, თავად ხომ არ მოიჭრის თავს?

გამოვიდა და თქვა, ბოდიში, მართალი ყოფილა ჯელაძე, კი, მართლა მარტონი ებრძოდნენ ბავშვები მეწყერს 4 საათი, მაგრამ მეტის გადარჩენა მაინც არ შეგვეძლოო და არაფერი მოხდა, არაფერი მოჰყვა მის ამ სამართლებრივად, პოლიტიკურად და მორალურად ამოვარდნილ განცხადებას.

სრულიად არაფერი.

ისევ ეძებენ ბავშვების ცხედრებს შოვში.

ისევ ისე დადის შვილების მიწაში მძებნელი კაცი შოვში.

და ერთი დაზარებულის უფლებამონაცვლე არ ჰყავს ამ საქმეს, ისევე როგორც ერთი დაზარალებული, ყველა გარდაცვლილის ოჯახის დაზარალებულის უფლებამონაცვლე უნდა იყოს და ყველა გადარჩენილი უნდა იყოს დაზარალებულად ცნობილი, რადგან ისინი სხვისი დანაშაულის გამო, საათობით ებრძოდნენ მეწყერს მარტონი და სხვისი დანაშაულის გამო, ჯოჯოხეთი გაიარეს. 

პ.ს. შოვში პოლიციელის გარდაცვალების საქმის გამოძიებასაც უნდა ჩამოშორდეს შსს“, - წერს კეშელავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა