თეგებით ძიება

არსებობს ინფორმაცია, რომ სტიქიის დღეს, მაღალი თანამდებობის პირები რესტორანში იმყოფებოდნენ, რაც შესაძლოა, კავშირში იყოს დაგვიანებულ რეაგირებასთან - „ნაციონალური მოძრაობა“

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 3 აგვისტოს, რაჭაში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით, პარტიის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის შუალედური ანგარიში წარმოადგინა.

ანგარიშის პრეზენტაცია პარტიის ოფისში, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა და პარტიის წევრმა ლაშა ფარულავამ გამართეს.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, სტიქიის ზონაში იმყოფებოდა 12-კაციანი სამუშაო ჯგუფი, რომლის მთავარი მიზანი შოვში მომხდარი ტრაგედიის დროს ადამიანთა დაღუპვის ფაქტებისა და გარემოებების შესწავლა იყო. ლევან ხაბეიშვილის თქმით, სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით იკვეთება ხელისუფლების გულგრილობა. ამასთან, როგორც მან განმარტა, შუალედურ ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული იმ ფაქტზეც, რომ საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, რა გახდა სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დაგვიანებული მიზეზი.

ანგარიშის თანახმად, არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები იმყოფებოდნენ მცხეთაში, რესტორან „მარანი ჰოლში“, აღნიშნავდნენ სუს-ის შექმნის 8 წლის იუბილეს, რაც შესაძლოა, კავშირში იყოს სახელმწიფო უწყებების დაგვიანებულ რეაგირებაზე სტიქიასთან მიმართებით.

„3 აგვისტოს ტრაგედიის პასუხად, ქართველ ხალხს შერჩა მხოლოდ რუსული პროპაგანდა და პოლიტიკური გადაძახილები. ჩვენი მოქალაქეები, ხელისუფლების მხრიდან პასუხს იმსახურებენ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით. ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ, დეტალურად იცოდნენ, თუ ვისი ბრალეულობა იკვეთება, ვის გამო, ვისი თანამდებობრივი გულგრილობის გამო ვერ მოხერხდა გარკვეული მსხვერპლის თავიდან აცილება. შესაბამისად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 3 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით აწარმოა საგამოძიებო მოქმედებები. 12 დღის განმავლობაში მოვამზადეთ შუალედური ანგარიში, სრულად არის აღდგენილი 3 აგვისტოს ტრაგედია და ქრონოლოგია. შუალედური დასკვნითაც კი, სადაც ძალიან ბევრი ინფორმაცია და მტკიცებულებაა, იკვეთება კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების გულგრილობა, რასაც საქართველოს მოქალაქეები შეეწირნენ. იკვეთება დაგვიანებული რეაგირება, იკვეთება, რომ ჩვენდა სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრი დაგვიანებით ახდენს რეაგირებას, მეტიც, ფაქტობრივად, 24 საათის შემდეგ ჩადის ადგილზე. ამიტომ, საზოგადოებას სჭირდება კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები. ჩვენ გვაქვს ვალდებულება და განსაკუთრებით, ცხადია, ხელისუფლებას, რომ პოლიტიკური კინკლაობა კი არა, კონკრეტულ მოქალაქეებს, ჩვენ საზოგადოებას გავაგებინოთ კონკრეტული პასუხები. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, მათ შორის თავდაცვის მინისტრმა, რომელმაც დააგვიანა რეაგირება, ჯარის ადგილზე ჩაყვანა. ინფრასტრუქტურის მინისტრი, რომელიც იმ საღამოს, როცა ადამიანებს შველა სჭირდებოდათ, სხვადასხვა ოთახებიდან გვეპრანჭებოდა ანუ ხელისუფლებამ ნაცვლად იმისა, რომ სამაშველო- გადარჩენითი ოპერაცია ეწარმოებინა, ფაქტობრივად, ღამის განმავლობაში მიატოვა მოქალაქეები. ამიტომ, ამ 24-გვერდიან ანგარიშშიც კი, რომელიც ჯერ შუალედურია და ცხადია, „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლომდე მიიყვანს საგამოძიებო მოქმედებებს, იკვეთება კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და ეს ყველაფერი, ცხადია, იწყება ირაკლი ღარიბაშვილისგან“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მის თქმით, დასკვნა, რომელიც შოვის სტიქიის შესახებ მოამზადა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, საზოგადოებისთვის გზამკვლევი იქნება, თუ როგორ უნდა მოხდეს ტრაგედიის გამოძიება.

„ლაშა ფარულავა და ჯამში 12 ადამიანი იმყოფებოდა ადგილზე და დეტალურად გაეცნო ვითარებას. ჩვენ პოლიტიკური სპეკულაცია კი არ გვაინტერესებს, აბა, ლაშა ფარულავამ გადაიღო თუ არა ფოტო, მაგალითად, კობახიძესავით ან მაღალი თანამდებობის პირებივით ან მაგალითად, ვერტმფრენით ჩავიდა თუ არა ღარიბაშვილივით ოპოზიცია 48 საათის თუ 24 საათის შემდეგ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია კითხვებს გაეცეს პასუხები“, - განაცხადა ხაბეიშვილმა და აღნიშნა, რომ ამ დროის განმავლობაში ვერავინ იპოვის „ნაციონალური მოძრაობის“ ვერც ერთ პოლიტიკურ განცხადებას და სპეკულაციას შოვის სტიქიის შესახებ.

ხაბეიშვილის თქმით, მთავარ დოკუმენტს უახლოეს დღეებში წარმოადგენენ, რომელსაც გააცნობენ ხალხს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამავდროულად მოითხოვენ საგამოძიებო კომისიის შექმნას. მისი თქმით, სხვა შემთხვევაში, „რუსული ოცნების“ მიერ ხელდასმული შოთაძის გამოძიებას არანაირი ლეგიტიმაცია არ და ვერ ექნება“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა