„ძალიან ცუდად მოვიქეცი.. საშინელებაა, როდესაც ბრბო ასე დაუნდობლად ჯიჯგნის ერთ ადამიანს“ - დომენიკ მანგო
დღეს მედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელდა ავტობუსში გადაღებული ვიდეო, სადაც შუახნის ქალბატონი ახალგაზრდა გოგოს „შეუფერებელი ჩაცმულობის“ გამო ლანძღავს. ვიდეოს გავრცელების შემდეგ შუახნის ქალს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს. ამასთან დაკავშირებით ბლოგერი დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში წერს:
„ძალიან ცუდად მოვიქეცი. ამ გაღვარცოფებულ ხალხთან ერთად მეც შევდექი ვიღაც ერთ ადამიანს, რომელსაც ვინ იცის რამხელა ტკივილი მივაყენე. კი, საშინლად ისმოდა ყურში ეს ბოზის ძახილი ვიღაც გოგოების მიმართ, მაგრამ დამნაშავედ მივიჩნევ თავს, რომ მეც ავყევი თქვენს ღრიანცელს. მართალია, მთელი 10 წელი ამ სხვის საცვლებში ჩაყუდებული ხალხის წინააღმდეგ ბრძოლას შევალიე, მაგრამ ჩემი საქციელი მაინც არ არის მართალი იმ ასაკოვან ქალთან მიმართებით, რომელიც საზოგადოებასთან ერთად მეც გავთელე და ვინ იცის რამხელა ტკივილის მიყენების თანამონაწილე გავხდი. ბოდიშს ვუხდი პირადად მას და ყველა ადამიანს ვამართლებ, რომლებმაც შემაფხიზლეს კომენტარებით. ნამდვილად არ გავდა ეს ჩემს თავს და ვგრძნობ სინდისის ქენჯნას ჩემი საქციელის გამო. ამას სხვაგვარად გამოვასწორებ. ჩემი გვერდიდან ყველა პოსტი წავშალე, რომელიც ამ ქალბატონის დაცინვის და დამცირების შინაარსს ატარებდა. საშინელებაა, როდესაც ბრბო ასე დაუნდობლად ჯიჯგნის ერთ ადამიანს და უარესად იქცევა, ვიდრე თავად ფაქტი იყო შემაწუხებელი. ვწუხვარ, რომ ბრბოს ნაწილი გავხდი და მძლია სოციუმმა, გამოვასწორებ“ - წერს დომენიკ მანგო.