"დაჭერილია ჩემი ძმა, მწყემსად იყო წასული" - ბოლო ცნობები ოკუპანტების მიერ გატაცებული ქართველების შესახებ
რუსმა ოკუპანტებმა ქართველი მწყემსები გაიტაცეს - თამაზ ფსიტიძე და შალვა პეტრიაშვილი უკანონოდ იმ დროს დააკავეს, როცა საძოვრებზე იყვნენ.
შემთხვევა სოფელ ახალ უბანში მოხდა. არსებობს ცნობები, რომ გატაცება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოხდა. ინფორმაცია მწყემსების გატაცებაზე უკვე აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, თუმცა რუსულ ტყვეობაში აღმოჩენილი ქართველი პატიმრების ოჯახებს ამ დრომდე დამატებითი ინფორმაცია არ მიუღიათ.
გატაცებული მწყემსის დის თქმით, ამ დრომდე არ იციან, თუ როდის გაათავისუფლებენ მის ძმას. მოლაპარაკებებში ჩართულები არიან სახელმწიფო ორგანოები. საკითხთან დაკავშირებით დღეს ელოდებიან პასუხს.
დაჭერილი არის ჩემი ძმა, არის 31 წლის, რა დროს არ ვიცი. მწყემსად იყო წასული და, რა მოხდა ნამდვილად არ ვიცი. დამირეკეს გუშინ და მითხრეს, წაიყვანესო და მოვედი. არ ვცხოვრობ აქ და არ ვიცი რა მოხდა, როგორ მოხდა. მამაჩემი ჰყავდათ დაკითხვაზე წაყვანილი, დღეს ველოდებით პასუხს. პოლიციაც იყო წუხელ გვიან მოსული. გვითხრა პოლიციამ, რომ ჩართულია ყველა ორგანო მოლაპარაკებებშიო და როდის გამოუშვებენ არ ვიცი", - ამბობს დაკავებული მწყემსის და.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების ტყვეობაში საქართველოს 8 მოქალაქე რჩება.