გადამწვარ ტყეში 18 ცხედარი იპოვეს - რა ხდება საბერძნეთში, სადაც ხანძარი მძვინვარებს?
საბერძნეთში, სადაც ტყის ხანძრები ისევ მძვინვარებს, დადიას ტყის მიდამოებში 18 გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით, დაღუპულები შესაძლოა მიგრანტები იყვნენ. ვარაუდის მიზეზად ის სახელდება, რომ ევროსის რეგიონი, სადაც დადიას ტყე მდებარეობს, სირიელი და აზიელი მიგრანტებისთვის ევროკავშირში შესასვლელად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მარშრუტია.
ალექსანდრუპოლისის ჩრდილოეთით მდებარე დადიას ეროვნულ პარკში ცეცხლი ორშაბათს გაჩნდა.
ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფები მუშაობენ. ისინი მსხვერპლთა რიცხვის ზრდას არ გამორიცხავენ.
ტყის ხანძრები საბერძნეთის რამდენიმე ლოკაციაზე მძვინვარებს. მათ გავრცელებას ხელს უწყობს ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა, რომელიც სამშაბათის მონაცემებით, რამდენიმე ადგილზე 40 გრადუსს აღემატებოდა.