„ეს არის ქოც-რუსული ყველაზე სამარცხვინო, ველური და თეთრი ძაფით ნაკერი შანტაჟი“ - ჯანგირაშვილი მედვედევის განცხადებაზე
ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს, თუ დასავლეთი საქართველოში სიტუაციის გამწვავებას გააგრძელებს.
„მედვედევის უგრძელესი, უსაძაგლესი წერილი რა თქმა უნდა, მისი დაწერილი არ არის, ისევე როგორც კობახიძე–ღარიბაშვილ–მთელი საქოცეთის რუსული მესიჯბოქსი, რომელიც ერთი ერთზე ემთხვევა მედვედევის მესიჯობქსს და სულისკვეთებას. საერთო ავტორი ყავს ამ ყველაფერს, რომლის მიზანი ქართული საზოგადოების დაშინება, დატერორება, დასავლეთისგან მოგლეჯაა, რომ ადვილად შეგვიწოვონ და დაგვაჩმორონ. ახლა კრემლის გენიოსებმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს მძევლად აგვიყვანონ იმის შემოცურებით, რომ თუ წესიერად არ მოვიქცევით, აფხაზეთს და ცხინვალს შეიერთებენ. ეს არის ქოც–რუსული ყველაზე სამარცხვინო, ყველაზე ველური და ყველაზე თეთრი ძაფით ნაკერი შანტაჟი. ამიტომ ცხადად უნდა ვთქვათ ყოველ დღე: შეიერთებს თუ არა რუსეთი ამ ორ რეგიონს, მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, როგორ დაჭირდება თვითონ, განსაკუთრებით უკრაინასთან დამარცხების შემდეგ. სულ რომ სანთლები დავუნთოთ აქ, მაინც გადაგვივლის თუ ასე დაჭირდა. რაც უფრო დავშორდებით დასავლეთს, რაც უფრო მარტოები და დაუცველები დავრჩებით, მით უფრო ადვილად გადაგვივლის. რაც უფრო მოღალატე და რუსეთის უკანალში შემძვრალი მთავრობა გვეყოლება, უფრო მეტს გაგვიბედავს და უფრო ადვილად შეგვჭამს“, - წერს ჯანგირაშვილი.