ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, უკრაინამ უკვე მიაღწია დიდ გამარჯვებას და სრულად გამარჯვებული გამოვა ამ ბარბაროსული ომიდან - სალომე ზურაბიშვილი
ეს ომი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროპის სტაბილურობა და უსაფრთხოება მიუღწეველია თუ ეს ყველაფერი არ გავრცელდება ევროპის მთელ კონტინენტზე, ლისაბონიდან თბილისამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყირიმის პლატფორმაზე მიმართვისას აღნიშნა.
მისივე თქმით, რუსეთს არ უნდა მივცეთ საშუალება დაიჯეროს, რომ სხვაგან, სხვა მიღწევებით შეუძლია უკრაინაში დანაკარგების დაბალანსება.
„ჩემთვის დიდი პატივია კიდევ ერთხელ შემოგიერთდეთ ამ გადამწყვეტ დღეს და საქართველოსა და ქართველი ხალხის სახელით გამოგიცხადოთ სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა. დღეს სამიტი კიდევ ერთხელ იკრიბება უკრაინის 18-თვიანი წინააღმდეგობის ფონზე, რუსეთის ბოლო სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ. ეს ომი რუსეთის იმ უცვლელი მცდელობების გაგრძელებაა, რომელიც მეზობლების გაყოფის, ოკუპაციის, დაპყრობის, მუქარებისა და იმპერიული ძალების ისტორიულ რეალობას შეესაბამება. ის, რაც დღევანდელ ევროპაში კანონით აკრძალული უნდა ყოფილიყო, ტრაგიკულად ჩნდება და ამ ბარბაროსული ანაქრონიზმის წინააღმდეგ უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის, არამედ მთელი ევროპის თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის.
ამ ომმა კიდევ ერთხელ აჩვენა რეგიონის გლობალური მნიშვნელობა - გააძლიერა არგუმენტი, რომ შავი ზღვა ნამდვილად ევროპული სტაბილურობისა და უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია.ზღვა, რომელიც არ შეიძლება დაექვემდებაროს იმ ძალას, რომელიც მზადაა საკუთარი მილიტარისტული ამბიციების გამო საზღვაო უსაფრთხოება, თავისუფალი ტრანზიტი და სურსათის გლობალური მიწოდება შეაფერხოს", - განაცხადა ზურაბიშვილი.