როგორ მოვუაროთ საქართველოში გავრცელებულ ფიკუსის სახეობებს?
ფიკუსი მარადმწვანე მცენარეა, რომელიც ბუნებაში ხეების, ბუჩქების და ლიანების სახით გვხვდება, თუმცა, საქართველოში გავრცელებული მისი სახეობები საოთახო დეკორატიულ მცენარეებად გამოიყენება და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.
როგორი მოვლა სჭირდებათ საქართველოში გავრცელებულ ფიკუსის სახეობებს და როგორ შევუქმნათ მათ სასურველი გარემო ოთახის პირობებში?!
ფიკუსი (ლათ. Ficus) —თუთისებრთა ოჯახის მარადმწვანე მცენარეა, იშვიათად გვხვდება მისი ფოთოლმცვივანი სახეობებიც. ფიკუსების უმრავლესობა ხის ან ბუჩქის ფორმისაა, თუმცა ზოგჯერ - გართხმული ან მცოცავი ლიანების სახითაც გვხვდება.
ფიკუსების მეტი წილი ეპიფიტია (მცენარე, რომელიც სხვა მხენარეზე ცხოვრობს) - ივითარებს დამატებით საჰაერო ფესვებს, რომლებიც შემდეგ მსხვილ სვეტებად გარდაიქმნება და უზარმაზარი ვარჯის საყრდენს წარმოადგენს. ზოგ შემთხვევაში, საჰაერო ფესვები იმდენად მჭიდროდ ეხვევა მასპინძელ მცენარეს, რომ მის სიკვდილსაც კი იწვევს. ამ გვარის ხეების სიმაღლე 40 მ-ია, დიამეტრი კი 3-5 მეტრამდე აღწევს. მცენარეს ხშირად უვითარდებათ ფიცრისებური საყრდენი ფესვები. ყვავილედს კი ღეროსა და ტოტებზე იკეთებენ. ფიკუსის ზოგიერთი სახეობის ნაყოფი (ლეღვი) საკვებად ვარგისია, ზოგიერთის რძეწვენი კი კაუჩუკს შეიცავს და მისი საკვებად გამოყენება არ შეიძლება.
ფიკუსის 800-მდე სახეობა არსებობს, რომელთა უმრავლესობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, მალაის არქიპელაგის, ახალი გვინეისა და სოლომონის კუნძულების ტენიან, ტროპიკულ ტყეებშია გავრცელებული. ჩვენში ამ მცენარის რამდენიმე სახეობაა გავრცელებული, ყველაზე ხშირად კი - ფიკუს ბენჯამენი და ფიკუს ობუსტა (მეორენაირად კაუჩუკის ხესაც ეძახიან) გვხვდება, რომლებიც ოთახის პირობებს განსაკუთრებით კარგად ეგუებიან. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი ერთი ოჯახის წარმომადგენელია, განსხვავებული მოვლა სჭირდებათ.
განათება და ოთახის ტემპერატურა
ფიკუსის აბსოლუტურად ყველა სახეობას კარგად განათებული ადგილი უყვარს, ამიტომ მნიშვნელოვანია ადგილი სწორად შეურჩიოთ - ამისთვის კარგი იქნება მისი კაბინეტში ან სასტუმრო ოთახში, ფანჯარასთან ახლოს მოთავსება (გაითვალისწინეთ ისიც, რომ მცენარე ხშირად ადგილის შეცვლას ვერ ეგუება). მზის სხივები აუცილებლად ფარდით უნდა გაუფანტოთ, რადგან მცხუნვარე მზის სხივების ქვეშ ფოთლები ეწვება და უხუნდება. ფიკუსს არც ორპირი ქარი უყვარს, ამიტომ მყუდრო და ქარისგან მოფარებული ადგილი უნდა შეურჩიოთ. რაც შეეხება ოთახის ტემპერატურას - ფიკუსის ნებისმიერი სახეობისთვის ოთახის ნორმალური ტემპერატურა 18-0C-ია.
მორწყვა
ფიკუსების უმრავლესობას წყალი ძალიან უყვარს და უხვი მორწყვა სჭირდება. თუმცა, ჩვენში გარცელებული ჯიშები ამ მხრივ განსხვავებულ მიდგომას საჭიროებენ - ფიკუს ბენჯამენს თუ მორწყვა განსაკუთრებულად უყვარს, ფიკუს ობუსტას წყალი ნაკლებად სჭირდება. აქედან გამომდინარე, ფიკუსი ბენჯამენი უხვად და ხშირად უნდა მორწყათ (ისე, რომ დიადაგი ყოველთვის ზომიერად ტენიანი იყოს), ფიკუსი რობუსტა კი მხოლოდ მას შემდეგ, როცა ნიადაგი კარგად გამოუშრება. რაც შეეხება, წყალს - აუცილებლად ოთახის ტემპერატურის და ნადგომი უნდა იყოს, იგივე ნადგომი წყალი შეგიძლიათ მცენარეს ფოთლებზეც შეასხუროთ. არასწორმა მორწყვამ შესაძლოა ფიკუსის „გაფუჭება“ და ფოთოლცვენა გამოიწვიოს.
ფოთოლცვენის მიზეზები
ფიკუსის ფოთოლცვენას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ამიტომ კონკრეტული მიზეზის ამოსაცნობად ჩამოცვენილ ფოთოლს უნდა დააკვირდეთ - თუ ფოთოლი შეყვითლებულია, უნდა ვივარაუდოთ, რომ მცენარეს ზედმეტი წყალი აქვს მიღებული; თუ ფოთოლი დაჭმუჭნილი და ბოლოებში მომწვარია - პირიქით, მორწყვა აკლია; ხოლო თუ ფოთოლი სხვადასხვაგვარი დეფექტებითაა (წინწკლები, მეჭეჭები და ა.შ.) დაფარული, ეს იმას ნიშნავს, რომ მცენარე დაავადებულია და მწერი ჰყავს. ასეთ დროს, ფიკუსი აუცილებლად უნდა შეიწამლოს, თანაც ზედიზედ 3-ჯერ და აუცილებლად - 5-6 დღის ინტერვალით. შეწამვლის პერიოდში, შეგვიძლია მცენარეს სტიმულატორებიც დავახმაროთ.
ნიადაგი და გადარგვა
ახალგაზრდა ფიკუსს გადარგვა ყოველწლიურად სჭირდება, ზრდასრული მცენარე (4 წლის ზემოთ) კი საკმარისია 2-3 წელიწადში ერთხელ გადაირგოს. იმისთვის, რომ ფიკუსის მორწყვის რეჟიმი ადვილად აკონტროლოთ, საჭიროა სწორად შერჩეული ქოთნის ზომა და კარგად გაკეთებული დრენაჟი. სულაც არ არის აუცილებელი მცენარე ძალიან დიდ ქოთანში გადარგოთ, საკმარისია ოდნავ მოზრდილი - 3-4 სმ-ით დიდი ზომის ქოთანი.
ფიკუსის გადარგვა აუცილებელია მხოლოდ მაშინ, როცა ქოთანი ფესვებით გადაივსება და მორწყვის შემდეგ მცენარე არაბუნებრივად სწრაფად ახდენს წყლის შეწოვას. უკეთესი ადაპტაციისთვის, უმჯობესია, მცენარე გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში გადაირგას. იმ შემთხვევაში, თუ ფიკუსის გადარგა მისი ზომის გამო ვერ ხერხდება, საჭიროა პერიოდულად ნიადაგის ზედა ფენა გამოუცვალოთ.
რაც შეეხება ნიადაგს, საჭიროა მასში თანაბარი რაოდენობით ტორფი და ქვიშა გადაურიოთ. კარგი იქნება, მცენარეს ვეგეტაციის პერიოდში (გაზაფხილიდან), თვეში ერთხელ რომელიმე სუბსტრატიც დავახმაროთ.
.
გამრავლება
ფიკუსის გასამრავლად საუკეთესო პერიოდია გაზაფხული. მცენარე, ძირითადად, კენწეროს კალმით მრავლდება. ამისთვის: ბასრი დანით მოაჭერით ფიკუსს 10-15 სმ-ის სიგრძის კენწეროს კალამი (არამც და არამც არ შეიძლება ამისთვის მაკრატელის გამოყენება), მოაჭერით კალამს ქვემოთა ფოთლები, მოჭრილი ადგილებიდან გამოჟონილი წვენი ოთახის ტემპერატურის წყლით „ჩამობანეთ“, ამის შემდეგ, დასაფესვიანებელი კალამი ოთახის ტემპერატურის წყლით სავსე გამჭვირვალე ჭურჭელში მოათავსეთ და თბილ და მშრალ ადგილზე მოათავსეთ.
ასეთი მეთოდით, ფიკუსი 2-3 კვირაში დაფესვიანდება. შეგიძლიათ, ნიადაგში მალევე გადარგათ და შემდეგ ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.
გარდა ამისა, შესაძლებელია ფიკუსის გამრავლება ამონაყარის საშუალებითაც, რომელსაც მცენარე, როგორც წესი, გაზაფხულიდან (ვეგეტაციის პერიოდში) იკეთებს.