ვინ არის პრიგოჟინთან ერთად დაღუპული დიმიტრი უტკინი, ვის გამოც კერძო სამხედრო კომპანიას "ვაგნერი“ უწოდეს?
"ვაგნერის“ მეთაურთან, ევგენი პრიგოჟინთან ერთად თვითმფრინავში, რომელიც 23 აგვისტოს ტვერის ოლქში ჩამოვარდა, მისი მარჯვენა ხელი, პროფესიონალი სამხედრო დიმიტრი უტკინიც იყო. სწორედ ის იყო „ვაგნერის“ რეალური სამხედრო მეთაური და სწორედ მისი რადიოსიხშირის სახელი უწოდეს კერძო სამხედრო კომპანიას. ამის შესახებ ინფორმაციას "მედუზა“ ავრცელებს.
დაქირავებულთა ოპერაციებში უტკინმა მონაწილეობა 2013 წელს დაიწყო. მანამდე ის რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმის ფსკოვის ბრიგადის ვიცე-პოლკოვნიკი იყო. რადიოსიხშირე „ვაგნერი“ მან მესამე რაიხის იდეოლოგიისადმი სიმპათიის გამო შეარჩია. რიჰარდ ვაგნერი ადოლფ ჰიტლერის საყვარელი კომპოზიტორი იყო).
თადარიგში გადასვლის შემდეგ უტკინი სხვა ყოფილ ძალოვნებთან ერთად სირიაში წავიდა, სადაც პრეზიდენტ ასადის მხარეს იბრძოდა. მის შენაერთს „სლავური კორპუსი“ ერქვა. 2013 წლის ოქტომბერში უტკინი და მისი კორპუსი კინაღამ ალყაში მოხვდა. შემდეგ ის მოსკოვში დაბრუნდა. „სლავური კორპუსის“ რამდენიმე მონაწილეს რუსეთში 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
შემდეგ უტკინი უკრაინაში გაემგზავრა, - მას უკვე დაქირავებულთა საკუთარი ჯგუფი ჰყავდა. “სლავური კორპუსის “წარმომადგენლები 2014 წლის გაზაფხულზე ჯერ ყირიმში, შემდეგ კი დონბასში იხილეს. ისინი სეპარატისტების მხარეს იბრძოდნენ. ამასთანავე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უტკინის რაზმი რამდენიმე საველე მეთაურის მკვლელობასთან არის დაკავშირებული. 2015 წელს უტკინი თავის რაზმთან ერთად კვლავ სირიაში დაბრუნდა.
საჯარო სივრცეში დიმიტრი უტკინი პირველად 2016 წლის 9 დეკემბერს გამოჩნდა. ის კრემლში, საზეიმო მიღებაზე შენიშნეს. უტკინს სიმამაცის ორდენით არის დაჯილდოებული.
უკრაინაში უტკინის წინააღმდეგ 2021 წელს სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის. ის 2014-2015 წლებში დონბასში უკრაინის ძალების წინააღმდეგ იბრძოდა. „დებალცევოს ოპერაციის დროს „ვაგნერი“ უშუალოდ ემორჩილებოდა რუსეთის მე-2 კორპუსის მეთაურს“, - აღნიშნულია უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციაში.
უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების სრულმასშტაბიანი აგრესიის შემდეგ უკრაინაში „ვაგნერის“ მეთაური სწორედ დიმიტრი უტკინი იყო. ისიც უკრაინაში იმყოფებოდა.
2023 წლის 24 ივნისს, როდესაც ევგენი პრიგოჟინმა „სამართლიანობის მარში“ მოაწყო და თავისი შენაერთებით მოსკოვისკენ გაემართა, „ვაგნერის“ კოლონის სათავეში კვლავ დიმიტრი უტკინი იყო.
სამხედრო ამბოხების ჩაშლის შემდეგ პრიგოჟინმა და უტკინმა „ვაგნერი“ბელარუსში გადაიყვანეს, სადაც თავის დაქირავებულებს სიტყვით მიმართეს. სწორედ მაშინ განაცხადა პრიგოჟინმა, რომ ბელარუსის ჯარი მსოფლიოში მეორე გახდება, ხოლო სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში ის ლუკაშენკოს მხარეს დადგენა. მან ასევე განაცხადა, რომ „ვაგნერი“ ბელარუსში დიდხანს არ დარჩება და მისი „ბოევიკები“ აფრიკასა და უკრაინაში დაბრუნდებიან.
ცნობისთვის, 23 აგვისტოს საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში, ტვერში, ევგენი პრიგოჟინის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა.
BBC-იმ დაწერა, რომ რუსეთში, ავიაკატასტროფაში, სავარაუდოდ "ვაგნერის დაჯგუფების" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი დაიღუპა. მათივე ცნობით, დაიღუპა ბორტზე მყოფი კიდევ 9 ადამიანი.
წყარო - newshub.ge