ავარია უკრაინაში - დაიღუპა 12 ადამიანი
უკრაინაში სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების შეჯახებას 12 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის 6 ბავშვი იყო. ყველა დაღუპული საბჭოთა წარმოების „ვაზ-2102“-ის ტიპის ავტომობილში იმყოფებოდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
დაღუპულები, ფაქტობრივად, ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. მძღოლის გარდა, ავტომობილში მისი ცოლი, ორი შვილი, სიდედრი, შვილის ნათლია, მძღოლის ძმა, მისი ცოლი და ოთხი შვილი იმყოფებოდა.
ცნობილია, რომ ტრაგედიამდე მათ უმცროსი ბიჭის დაბადების დღე აღნიშნეს. რატომ გადაწყვიტა ამდენმა ადამიანმა ერთი მანქანით გამგზავრება, უცნობია, რადგანაც ორ ძმას საერთო ჯამში 3 მანქანა ჰყავდა.
„ჟიგული“ „ვაზ-2102“ 5 ადამიანის გადაყვანისთვის გამოიყენება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ მანქანაში უკან სკამების ერთი რიგი იყო დამატებული.
წინასწარი ინფორმაციით, ავარიაში სატვირთო ავტომობილის მძღოლია დამნაშავე. ამასთანავე, „ჟიგულის“ მძღოლიც დამნაშავეა, რადგანაც მსუბუქი ავტომობილით ამდენი ადამიანის გადაყვანა კატეგორიულად აკრძალულია.