ვერ წარმომიდგენია, რომ ეს პუტინმა გააკეთა, რომ პუტინი დამნაშავეა - რას ამბობს ლუკაშენკო პრიგოჟინის სიკვდილზე?
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, კერძო სამხედრო კამპანია ვაგნერის“ ხელმძღვანელს, ევგენი პრიგოჟინს მისთვის უსაფრთხოების გარანტიები არასდროს უთხოვია.
"პირდაპირ რომ გიპასუხოთ ამ საკითხზე: მე არც უნდა უზრუნველმეყო პრიგოჟინის უსაფრთხოება. ეს პირველი. მეორეც, არასდროს ამ მიმართულებით არ გვისაუბრია. მესამე კი დაიმახსოვრეთ: უსაფრთხოებაზე ორჯერ შევეხეთ ამას. პირველად როცა მე მას დავურეკე და მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, როცა ისინი მოსკოვისკენ მარშით მიდიოდნენ. მე მას ვეუბნები: "ჟენია, ხომ გესმის, ხალხსაც დაღუპავ და თავადაც დაიღუპები?"... (მპასუხობს:) "ეშმაკსაც წაუღია, მოვკვდები!". მე ვეუბნები: "ჟენია, ახლა მე თოკსა და საპნის ნაგლეჯს გამოგიგზავნი". - "არა, არა, არა. ასე არ მინდა. მე გმირად მოვკვდები". აი, ასე მიდიოდა პირველი საუბარი. მეორეჯერ [ამ საკითხზე ვისაუბრეთ], როცა ჩემთან დიმა უტკინთან ერთად მოვიდა. კატეგორიულად ვაფრთხილებდი" "ბიჭებო, წინ იყურეთ"". – თქვა ლუკაშენკომ.
ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, შეიძლება თუ არა ამ აფეთქების უკან ვლადიმერ პუტინი იდგეს, ლუკაშენკომ უპასუხა, რომ, მისი აზრით, ამაში დამნაშავე რუსეთის პრეზიდენტი არ არის.
„ვერ ვიტყვი, ვინ გააკეთა ეს. მე ჩემი უფროსი ძმის იურისტიც კი ვერ გავხდები, მაგრამ პუტინს ვიცნობ. ის ძალიან მშვიდი და ნელი ადამიანია, მაშინაც კი, როდესაც გადაწყვეტილებებს სხვა, ნაკლებად რთულ საკითხებზე იღებს. ასე რომ ვერ წარმომიდგენია, რომ ეს პუტინმა გააკეთა, რომ პუტინი დამნაშავეა. ეს ზედმეტად უხეში, არაპროფესიონალური სამუშაოა ამ მხრივ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.