20 წუთით დაპატიმრებული ამერიკის 45-ე პრეზიდენტი - როგორ დააღწია ციხეს თავი დონალდ ტრამპმა?
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯორჯიის შტატის ფულტონის ოლქის ციხეში ნებაყოფლობით გამოცხადდა. მას პატიმრის ნომერი - P-01135809 მიანიჭეს. ეს არის ყოფილი პრეზიდენტის "მაგშოთის" პირველი შემთხვევა შეერთებული შტატების ისტორიაში. მის დაპატიმრებას ტრამპმა ამერიკისთვის სამწუხარო დღე უწოდა.
CNN-ის ინფორმაციით, ტრამპმა ციხეში 20 წუთზე ცოტა მეტი დრო გაატარა, სადაც შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ 200 000 აშშ დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
"მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში არაფერი ვიცოდი ბრალდებების შესახებ და ახლა უკვე ოთხჯერ მაქვს ბრალი წაყენებული", - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.
ბრალდება, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ, ჯორჯიის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას და მისი შედეგების შესაცვლელად კონსპირაციას ეხება. დასკვნა 13 მუხლისგან შედგება, მათ შორის არის რეკეტი, თაღლითობა და ცრუ განცხადებები. ტრამპმა, რომელიც "ტვიტერზე" დაბრუნდა, ჯორჯიის პოლიციის მიერ გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ეს არის პირველი "ტვიტი", სოციალურ ქსელში 2021 წელს დაბლოკვის შემდეგ.