დღეს მარიამობაა
28 აგვისტოს, მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, მარიამობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა აღევლინება.
ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.
მარიამობის დღესასწაულს წინ ორკვირიანი მარხვა უძღოდა, რომელიც 14 აგვისტოს დაიწყო და ხვალ დასრულდება. ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია.
უცნობია, ასევე, როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული.
ცნობები ყოვლადწმინდა მარიამის შესახებ მართლმადიდებელ ეკლესიას მოციქულთა დროიდან მოეპოვება. ჯერ კიდევ I საუკუნეში წმინდა მოწამე დიონისე არეოპაგელი წერდა: პავლე მოციქულის მიერ ღვთის მეცნიერებაში რომ არ ვყოფილიყავი განსწავლული, ყოვლადწმინდა ქალწულს აუცილებლად ღმერთად მივიჩნევდიო. წმინდა დიონისემ მაცხოვრის ამაღლებიდან დაახლოებით მე-12 წელს მოინახულა ღვთისმშობელი მარიამი, მისგან კურთხევა და რჩევა-დარიგება მიიღო.
ღვთისმშობლის მიძინების შესახებ აგრეთვე II საუკუნეში მოღვაწე სარდელი ეპისკოპოსის მელიტონის თხზულებებშია მოთხრობილი. წმინდა ეპიფანე კვიპრელმა IV საუკუნეში შეკრიბა მასალები და აღწერა ღვთისმშობელ მარიამის მიძინების ამბავი. V საუკუნეში იერუსალიმელი პატრიარქი იუბენალი კეთილმსახურ ბერძენ დედოფალ პულხერიას ასე მიმართავდა: "მიუხედავად იმისა, რომ ღვთისმშობლის მიძინება წმინდა წერილში არ არის მოხსენიებული, ჩვენ ამ მოვლენების შესახებ უძველესი და სრულიად საიმედო წყაროები მოგვეპოვება". ეს წმინდა გადმოცემა საგულდაგულოდ არის შეკრებილი და აღწერილი XIV საუკუნის ისტორიკოსის ნიკიფორე კალისტეს თხზულებაში.