თეგებით ძიება

„თოჯინიანი კაცი კი არა, დანაშაულის მტკიცებულებაა ეს კაცი, მთავრობის და ჩვენი დანაშაულის...“ - თამო კეშელავა

ჟურნალისტი, თამო კეშელავა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„არა, ის თოჯინიანი კაცი არ არის, გიორგია დუდაშვილი, კაცია, ვისაც ოჯახი ცოცხლად დაემარხა მიწაში და 21 წყეული დღე პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ხელით თხრიდა მიწას, რომ ამოეყვანა და მერე დაემარხა!

ეს თოჯინიანი კაცი არ არის, ეს ის კაცია, რომელიც 3 აგვისტოს ცრემლით ტიროდა და ითხოვდა დაწყებულიყო სამძებრო სამუშაოები, ითხოვდა, გადაეყვანათ შოვში, ითხოვდა, ერთი ვერტმფრენი მაინც მოეყვანათ საიდანმე და არ მოიყვანეს, უპასუხეს, რომ უპს, დაღამდა, მერე კი უმისამართო მილოცვები აგზავნეს... კი, მილოცვები... წერდნენ მერე, რომ ყველა გადარჩა და თურმე, უბრალოდ, ჩვენ სიხარული არ შეგვიძლია გადარჩენილთა გამო! 

მერე წერდნენ, ღმერთო, აპოვნინეო!

გეგონება, სადმე, ვინმეს დაპირდა ღმერთი, ჩამოვალ და მიწას გავთხრიო, გეგონება კაენსაც კი ნების და თავისუფლების არჩევანი არ მისცა!

მეტი რა ექნა ღმერთს, მოგიყვანათ კაცი, რომელსაც ოჯახი მიწაში დაეკარგა და ცრემლით ტიროდა მასთან ერთად, დაეხმარეთო...

და იმის ნაცვლად, რომ ერთად მოგვეთხოვა დახმარება, ბევრმა თავზე მიწა დაიყარა და ურცხვად ავრცელებდა ტყუილს გადარჩენილებზე, ურცხვად იძახდნენ, რა საჭიროა ვერტმფრენი, ან დახმარების თხოვნაო!

პრემიერმა თქვა მერე, მაინც აღარ ჰქონდა აზრიო...

იმ წყეულ დღეს, წყეული 4 საათის დაგვიანებით რომ ჩაიყვანეს მაშველები ადგილზე, მაგ 4 საათის მერე არც არავინ გადაურჩენიათ! 2 ადამიანი იპოვეს ტყეში და ეგ იყო! ვინც გადარჩა, პირველ საათებში, მარტო, თავისით ან ადგილობრივების დახმარებით!

და წყეული 4 საათის დაგვიანებით რომ ჩაიყვანეს მაშველები ადგილზე, მაგ დროის მერე თუ უკვე იფიქრეს, რომ აღარავისი გადარჩენა შეიძლებოდა, როგორ მისცეს სამთავრობო არხებს იმის დაწერის უფლება, რომ ყველა გადარჩა?

თუ პრემიერი ფიქრობდა, რომ მაინც არავინ გადარჩებოდა, რატომ იმ ღამესვე არ გამოვიდა და არ მიუსამძიმრა ოჯახებს?

ხო, თუ დახმარება არ გვინდოდა, თუ აზრი აღარ ჰქონდა, ესე იგი, უკვე 3 აგვისტოს საღამოს გადაწყვიტეს, რომ ყველა დაკარგული მკვდარია და მაშინ, რატომ აწერინეს მომხრეებს მილოცვები, რას გვილოცავდნენ, ამოწყვეტილ ოჯახებს?

ჩატოვეს 152 თავისით გადარჩენილი ადამიანი იმ ღამით შოვში, უგზო-უკვლოდ დარჩენილები, მეწყერის პირას და დაუტოვეს მაშველები მცველებად... 

მხოლოდ მეორე დღეს იპოვეს ცხედრები და მეორე დღეს ნაპოვნი ცხედრების უმრავლესობა ადგილობრივების დახმარებით!

ანუ, მხოლოდ 4 საათით გვიან კი არ დაიწყო სამაშველო ოპერაცია, დილამდე არ დაწყებულა!

4 აგვისტოს კიდევ, რაღა სამაშველო ოპერაცია, ამდენი საათის მერე, ვინ გაძლებდა მიწის ქვეშ ცოცხალი, 4 აგვისტოს დილით დაიწყო ცხედრების ძებნის ოპერაცია!

შევაჯამოთ - შოვში, 4 საათის დაგვიანებით ჩაყარეს სამაშველოს ბიჭები, მწირი აღჭურვილობით, გამოიყვანეს თავისით გადარჩენილთა ნაწილი და დანარჩენი ჩატოვეს ღამის გასათევად, დილით კი დაიწყეს ცხედრების ძებნის პროცესი!

სულ ესაა და სადმე ხედავთ აქ სამაშველო ოპერაციას?

რაც მეტი დრო გადის, მით უფრო ცხადი ხდება, რომ დაგვიანებით კი არა, შოვში საერთოდ არ ჩატარებულა სამაშველო ოპერაცია!

გზა რომ არ იყო შოვამდე 3 აგვისტოს იცოდნენ, მაგრამ მხოლოდ 4 აგვისტოს და მხოლოს 20 საათზე გააგზავნეს ჯარი გზების გასაწმენდად და ურცხვად განაცხადეს ტრაგედიიდან 29 საათის მერე, უკვე გავიდა ჯარი თბილისიდანო და გზის გაწმენდას და დროებითო ხიდის აწყობას დავიწყებთო! ტრაგედიიდან 29 საათის მერე, უკვე გავიდა თბილისიდანო, უკვეო!

და თუ 4 აგვისტოს დილამდე პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა თავისით გადარჩენილი ადამიანების მცირე ნაწილის გამოყვანის გარდა და თუ სამაშველო ღონისძიება დაგვიანებით კი არა, საერთოდ არ დაწყებულა, საიდან იციან, რამდენის გადარჩენა შეიძლებოდა? შეიძლებოდა, თუ არა? თუ არც კი გვიცდია, ვინ იცის, შეიძლებოდა, თუ არა?

ექსპერტიზა იტყვის?

რომელი?

იმ სამხარაულის, 12 წლის გოგოს ცხედრიდან აღებული სამხილი რომ გააფუჭა?

იმ სამხარაულის, საიდანაც მტკიცებულებები ლომბარდებში ჩააბარეს?

სად გვაქვს ექსპერტიზის ბიურო? - არ გვაქვს! რაც არ გვაქვს, როგორ ვენდო?

და იდგა გიორგი დუდაშვილი, ღმერთი ტიროდა მასთან ერთად და იხვეწებოდა დახმარებას და მთავრობამ, დახმარების საჭიროება არ დგასო!

ვერტმფრენი არ იყო, გზა არ იყო, ოჯახები იყო დაკარგული, იდგა მამა და ცრემლით ითხოვდა დახმარებას, მეტად როგორ უნდა ეთხოვა ღმერთს? და უთხრეს, არაო, არაა საჭირო დახმარებაო, მერე წავიდნენ და მილოცვებს აგზავნიდნენ პოსტებად უმისამართოდ და იყო სიხარულის ყიჟინა, ცრემლების გადასაფარად, ამ კაცის ტირილის და.ჩვენი პროტესტის გადასაფარად - ესაა.ამ ამბის ნამდვილი ჯოჯოხეთი!

ზოგი წერს, რანაირად უძლებს ეს კაციო, 3 აგვისტოს ღამეს რომ გაუძლო, მე მარტო ეგ მიკვირს, მისი შვილების ძებნაში დახმარებაზე უარი რომ მიიღო და იარაღი არ აიღო ხელში, ეგ მიკვირს, მერე აღარაფერი...

ზოგი წერს, ვერც ვიღიმიო, ტყუილია ეგ, მეც ვიღიმი, თქვენც, და საერთოდაც, ტყუილია რომ რამის გვრცხვენია, 13 ივნისი რომ ვაპატიეთ და შერჩათ, მაგის მერე შოვის რატომ გვრცხვენია? სხვანაირი ადამიანები დაიღუპნენ 13 ივნისს? სახურავზე რომ ფეხმძიმე გოგო ვერტმფრენს ელოდა, მარტო ებრძოდა სტიქიას, მაგის მერე რომ ვერტმფრენები ისევ არ გვყავს, რამის გვრცხვენია ამის მერე?

ჩავიდა გომელაური ბეევრი დღის მერე სტიქიის ზონაში, მაინც და მაინც დუდაშვილის გვერდით დადგა და მეო, მამა მყავდა ავად, კი არ ვისვენებდიო... გეგონება.ან მან, ან მისმა პიარმა ერთი განცხადება მაინც გააკეთა მამის ავადმყოფობაზე და ვერ გავიგეთ!

დაეღუპა მერე მამა კლინიკაში და აი, როგორ არ გრცხვენიათო!

მიწაში ცოცხლად დამარხულებს რომ კლინიკაში გარდაცვლილს შეადარებ!

ისე წერდნენ, ისე ნიშნისმოგებით, გული გამიჩერდა...

წიკლაურს შვილი მოუკვდა და დაგეგმილი კონცერტი არ გააუქმა და ეს სახელმწიფო მოხელეა და ხალხი იწვა მიწაში...

ჯერ კიდევ ეძებენ ორ ცხედარს...

უჩლექენ ახლა ამ კაცს ენას, მოიფიქრა ვიღაცამ და ავიტაცეთ, მხატვრულად, თოჯინიანი კაციო, ასე დაუძახებენ, სანამ ჩუმადაა და როგორც კი ენას ამოიღებს და ერთ დღეს აუცილებლად ამოხეთქავს, მერე ბოროტი პერსონაჟი იქნება, პარტიულს დაუძახებენ მერე, მერე იტყვიან, რომ უთანაგრძნობენ, მარაა, ნამეტანი მოსდის და რევოლუციას არ მოაწყობინებენ!

დაგვიანებულია მისთვის რევოლუცია, 3 აგვისტოს მერე, დაგვიანებულია.

და არც ის დაგავიწყდეთ, რომ მხოლოდ ამ კაცის ოჯახი არ ამოწყვეტილა, სხვა ოჯახებიც ამოწყდნენ, ზოგი ისე ამოწყდა, ხმის გამღები, ამბის გამომტანი, თოჯინის ხელში დამჭერი არ დარჩა!

და ხო, მართალია, ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ 400 მაშველი მუშაობდა სტიქიის ზონაში, მაგრამ რამდენი იყო ამ 400 დან ისე გადამზადებული, რომ ასეთი მასშტაბის სამუშაოს შესრულება შესძლებოდა? რამდენს ჰქონდა გამოცდილება? როდის მიაწოდეს საჭირო სრული აღჭურვილობა? 3 აგვისტოს ღამეს, ტყეში გადარჩენილებს პლედები არ მიაწოდეს, რა აღჭურვილობა და ტექნიკა!

იმ დაღუპულ პოლიციელზე ვიცით რამე?

საერთოდ რამე გვითხრეს 24 დღის მერე?

გარდა იმისა, რომ დუდაშვილს თოჯინიანი კაცი შეარქვეს?

სიაც არ დადეს გადარჩენილთა და დაკარგულთა, გუშინ გამოაქვეყნა ერთმა ქვეყანამ თავისი 388 დაკარგული მოქალაქის სია და ამათ 33 კაცის სია არ დადეს, ემანდ ან ნაკლები ან მეტი არ იყოსო! 

24 დღე გავიდა და არაფერია!

წყალი 2 დღე გროვდებოდაო ამტკიცებს ხალხი, ანუ 48 საათი ჰქონდათ მინიმუმ ხალხის გადასარჩენად და უი, იცით, გოდოლაძე ხიხიაო..

24 დღე გავიდა და მხოლოდ ერთი გარდაცვლილის დედა სცნეს დაზარალებულის უფლებამონაცლედ!

გადარჩენილებს არავინ დახმარებია!

კოტეჯებს იქეთ დასდებენ ბრალს და სანსეტ შოვი გაისუსება...

გუბერნატორიც კი არ გადმოუგდიათ ხალხის დასაბრიყვებლად!

ონის მერიც კი არა!

მხოლოდ ის ვიცით 24 დღის მერე, რომ ჯერ გადარჩენილების ისტორიების გამოძიება დაიწყეს და მერე თქვეს, კაი, გვჯერა რომ 4 საათი მარტონი ებრძოდნენ სტიქიას და მიწიდან ცოცხლად ჩამარხული ადამიანების ხმები მართლა ესმოდათო!

კიდევ ის ვიცით, რომ დუდაშვილი თოჯინით ხელში თხრიდა მიწას, აბა, ზოგი ისე ამოწყდა, თოჯინის დამჭერი და მიწის ამომთხრელი ადამიანი არ დარჩა ოჯახში.

 ის ვიცით, რომ ოჯახები ამოწყდნენ და დამნაშავე არავინაა, სამაშველო სამუშაო დაგვიანებით კი არა, საერთოდ არ დაწყებულა და არც დახმარება გვინდოდა და დამნაშავე მაინც არავინაა!

ის ვიცით კიდევ, რომ ვერტმფრენები მაინც არ გვინდა, მაგრამ მაინც ვიყიდით ოდესმე... 

თოჯინიანო კაცი არ არის ეს, ეს არაა ზღაპარი, ჭირიც აქ იყო და ცრუ ლხინიც, მიწაც აქ იყო და მიწაც, ეს არის კაცი, რომელიც ცრემლით ითხოვდა დახმარებას და უთხრეს, ღამეა, მაგრამ დახმარება მაინც არ გვინდაო, თან ყველა გადარჩაო და ცრემლში შეხარხარეს!

მერე კი, ისე რომ არც კი უცდიათ, უთხრეს, მაინც არ ექნებოდა აზრიო...

და განა მხოლოდ მას უთხრეს?

თოჯინიანი კაცი კი არა, დანაშაულის ერთ- მტკიცებულებაა ეს კაცი, მთავრობის და ჩვენი დანაშაულის.

თორემ, ღმერთი ტიროდა და ისე გვთხოვდა დახმარებას... მეტი რა უნდა ექნა, რომ გავტოკებულიყავით?“ - წერს კეშელავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა