რუსეთის ეკონომიკა 2022 წელს 2.1%-ით შემცირდა, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს - ჟოზეფ ბორელი
„დიახ, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს“, - პუბლიკაციას ამ სათაურით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი თავის ბლოგზე აქვეყნებს. მისი თქმით, ევროკავშირმა სამოგზაურო აკრძალვა დაუწესა და აქტივები გაუყინა 1500-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და 250-მდე ორგანიზაციას.
„ზოგი ამბობს, რომ სანქციები არ მუშაობს. ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. ერთი წლის განმავლობაში მათ უკვე შეძლეს მოსკოვის შესაძლებლობების შეზღუდვა, საკვანძო ბაზრებიდან ქვეყნის გამოდევნა და რუსეთის ინდუსტრიული და ტექნოლოგიური შესაძლებლობების მნიშვნელოვანი დეგრადაცია“, - აცხადებს ბორელი.
ჯოზეფ ბორელის ბლოგში აღნიშნულია, რომ რუსეთის ეკონომიკა 2022 წელს 2.1%-ით შემცირდა. წარმოება, რომელიც შეჭრამდე სტაბილურად იზრდებოდა, 2022 წლის ბოლოსთვის 6%-ით შემცირდა. ავტომობილების წარმოება, წინა წელთან შედარებით, 48%-ით შემცირდა, კომპიუტერული, ელექტრონული და ოპტიკური წარმოება - 8%-ით, საცალო ვაჭრობა - 10%-ით, ხოლო საბითუმო ვაჭრობა - 17%-ით.