"მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში საქართველო ვერც ერთ ომს ვერ მოიგებს“ - ასლან ბჟანია
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერის, ასლან ბჟანიას მტკიცებით, მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში, საქართველო ვერც ერთ ომს ვერ მოიგებს, თუმცა, "ამ მიმართულებით მცდელობები მიმდინარეობს“.
"ყველაფერი ასე მარტივი არ არის. მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში ძალიან მძიმე ვითარება იყო - იყო გადატრიალების მცდელობა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ წინააღმდეგობა გაუწია. შეძლებენ თუ არა გაგრძელებას, ამაზე დარწმუნებით ვერანაირ დასკვნას ვერ გამოვიტან, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ეტყობა, მოუწევთ. მოგეხსენებათ, მათაც არ აქვთ ალტერნატივა - საქართველო ვერც ერთ ომს, ვერც საბრძოლო მოქმედებას ვერ მოიგებს“, - აღნიშნა ბჟანიამ.
მისი თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება სამხედრო გზით შეუძლებელია, რადგან მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ სოხუმი მზად არის "მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის“.
"ამ კუთხით, სამხედრო გზით ვერანაირი მიზნის მიღწევა ვერ მოხდება. დროა გავიგოთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, მითუმეტეს კავკასიაში. ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ ჩვენ მზად ვართ მოვლენების ნებისმიერი შემობრუნებისთვის. ეს არ გვაშინებს. გვინდა ვიმოქმედოთ სამხრეთ კავკასიაში სტაბილური მშვიდობის პირობებში - ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ“, - აღნიშნა ბჟანიამ.