ხელის კანის მოვლა სახლის პირობებში
ყველა ქალის სურვილია ლამაზი და მოვლილი ხელები ჰქონდეს, მითუმეტეს, რომ ქალის ასაკს ყველაზე მეტად ხელები ამხელს. ეს კი იმის გამო ხდება, რომ ხელის კანი სხვა ნაწილებზე ხშირად განიცდის გარეგანი ფაქტორების (ყინვა, ქარი, მტვერი, ქიმიკატები და ა.შ.) ზემოქმედებას, რეგენერაციის უნარს მალე კარგავს და გაცილებით სწრაფად ბერდება.
მართალია, თანამედროვე სილამაზის სალონები მომსახურების ფართო სპექტრს გვთავაზობენ, მაგრამ ხელის კანის ყოველდღიური მოვლა და გარკვეული რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია.
რას გულისხმობს ხელის კანის მოვლა?
იმისთვის, რომ ხელის კანი ყოველთვის ნაზი და ხავერდოვანი იყოს, საჭიროა შემდეგი წესების დაცვა:
1. არ დაიბანოთ ხელი ძალიან ცხელი ან პირიქით, ძალიან ცივი წყლით. დაბანის შემდეგ კი, აუცილებლად კარგად გაიმშრალეთ.
2. სიცივეში ატარეთ ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული ხელთათმანი.
3. საოჯახო საქმეები რეზინის ხელთათმანებით აკეთეთ (უმჯობესია, თუ ხელთათმანი ლატექსისგან იქნება დამზადებული).
4. რეგულარულად იხმარეთ ხელის დამატენიანებელი კრემები.
5. დალიეთ რაც შეიძლება ბევრი წყალი.
6. სასარგებლოა, A,E და C ვიტამინების მიღება.
2-3 კვირაში ერთხელ ჩაიტარეთ ხელის სპა-მოვლა, რომელშიც შედის ხელის სქრაბის, ნიღბისა და ნატურალური კრემის გამოყენება. ამჯერად, რამდენიმე რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომლებიც შეგიძლიათ სახლის პირობებშიც ადვილად დაამზადოთ:
ხელის სქრაბი
1. 2 ს.კ. ზღვის მარილი; 1 წვეთი ჩაის ხის ზეთი; 2 ს.კ. სელის ზეთი (ეს არის კარგი ლიფტინგ საშუალება).
2. ½ ჩ.კ. შაქარი; 1 ფორთოხლის გახეხილი ცედრა; 1 ჩ.კ. კოჭა; 2 ს.კ. ზეთი.
სქრაბი უნდა წავისვათ დაბანილ ხელზე, წრიული მოძრაობით კარგად შევიზილოთ და თბილი წყლით ჩამოვიბანოთ.
ნიღაბი
1. 2 ს.კ. ჰერკულესი; 1 კვერცხის გული; 1 ს.კ. თაფლი; ზეითუნის ზეთი იმდენი, რომ მასა სქელი არაჟნის კონსისტენციის გამოვიდეს.
2. მიკროტალღურ ღუმელში გამდნარი ½ შოკოლადის ფილა; 1 ჩ.კ. ზეთი (ცოტაოდენი ნუშის ზეთიც კარგია).
ნიღაბი წავისვათ ხელის კანზე, შემდეგ წამოვიცვათ ხელებზე პოლიეთილენის პარკი და შევიხვიოთ პირსახოცით. გავიჩეროთ 15-20 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოვიბანოთ.
კრემი
1. 1 ფოთოლი გახეხილი ალოე; 1 ს.კ. თაფლი; 2 ს.კ. ზეთი (ნახეთქების დროს უკეთესია ქაცვის ზეთის გამოყენება); 10-20 გრამი კაკაოს ცხიმი. ცხელი წყლის აბაზანაზე ჯერ კაკაოს ცხიმი უნდა გავადნოთ და შემდეგ შიგნით ჩავუმატოთ დანარჩენი მასა, როცა გაცივდება და შესქელდება მაცივარში შევინახოთ. (მიღებული კრემი მაცივარში 2 თვეზე მეტ ხანს იმახება).
2. 1 ს.კ. სელის ზეთი; 5-6 წვეთი ჟოჟობა; ½ ჩ.კ. ლიმონის წვენი; კაკაოს ცხიმი.
გახსოვდეთ: ამ მარტივი პროცედურების საშუალებით, თქვენი ხელები ყოველთვის ლამაზი და ხავერდოვანი იქნება!