თეგებით ძიება

30 აგვისტოს ცაზე სუპერმთვარე გამოჩნდება - ამ ფენომენის ხილვის შანსი 2032 წლამდე აღარ გექნებათ

30 აგვისტოს, ცაზე სავსე, კაშკაშა მთვარე გამოჩნდება. ასეთ მოვლენას სუპერმთვარეს უწოდებენ.

ზოგადად, მთვარე სუპერმთვარე მაშინ ხდება, როცა ის ორბიტაზე დედამიწასთან უახლოეს წერტილში მიდის, რასაც პერიგეას უწოდებენ. როგორც წესი, ამ დროს მთვარე ცაზე დაახლოებით შვიდი პროცენტით უფრო დიდი ჩანს, ვიდრე ჩვეულებრივ.

ხვალინდელი სუპერმთვარე დედამიწიდან დაახლოებით 357 000 კილომეტრით იქნება დაშორებული და წლის ყველაზე დიდი მთვარე იქნება.

30 აგვისტოს მოვლენას „ლურჯი სუპერმთვარე“ ჰქვია და ამ ფენომენის ხილვის შანსი 2032 წლამდე აღარ გექნებათ.

მიუხედავად სახელისა, ამ დროს მთვარე ცისფრად ნამდვილად არ ანათებს. უფრო მეტიც, გაურკვეველია, საიდან დამკვიდრდა ეს ტერმინი.

როგორც ჩანს, საუკუნეების წინ, ამ ტერმინს შეუძლებელი მოვლენის გამოსახატად იყენებდნენ.

თუმცა, 1800-იან წლებში მომხდარი ვულკანური ამოფრქვევის შემდეგ, ცა მართლაც უცნაურ ფერად შეიღება, რამაც მთვარეს მოლურჯო ფერი მისცა. საუბარში, „ლურჯ მთვარეს“ უწოდებენ იშვიათ მოვლენას, რომელიც დროდადრო ხდება.

დღეს ლურჯი მთვარე ტექნიკური ასტრონომიული ტერმინია და ხდება მაშინ, როდესაც ერთ სეზონში ოთხი სავსემთვარეობაა, ჩვეული სამისგან განსხვავებით. ბოლო პერიოდში, ამავე ტერმინით აღნიშნავენ ერთ კალენდარულ თვეში მომხდარ მეორე სავსემთვარეობას.

2023 წლის ოთხი სუპერმთვარეობიდან, ორი აგვისტოშია. ერთი მათგანი უკვე ვიხილეთ პირველ აგვისტოს.

ხვალინდელი სუპერმთვარე არა ლურჯი შეფერილობის, არამედ უფრო ნარინჯისფერი შესახედაობის იქნება.

ამის მიზეზი კი ის არის, რომ აგვისტოში მთვარე დედამიწის ჰორიზონტთან შედარებით ახლოს მოჩანს. მზის ჩასვლის მსგავსად, ამ ადგილას სინათლის უფრო მოკლე ტალღის სიგრძეები, მაგალითად ლურჯი, შემცირებულია, რადგან ისინი ატმოსფეროში იფანტება და რჩება უფრო გრძელი ტალღის სიგრძეები, მაგალითად, წითელი და ნარინჯისფერი.

ბოლოს ასეთი ლურჯი სუპერმთვარე ცაზე ხუთი წლის წინ ჩანდა, 2018 წელს; მაშინ მთვარე ჩვეულებრივზე წითელი იყო.

წყარო: „საზოგადოებრივი მაუწყებელი“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა