„არ მახსოვს ასეთი უხვი ნალექი ბოლოს როდის იყო დედაქალაქში” - კახა კალაძე
არ მახსოვს ასეთი უხვი ნალექი ბოლოს როდის იყო დედაქალაქში, – აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისივე თქმით, ზოგიერთ ადგილზე სანიაღვრე სისტემა ნაგვით იყო გადავსებული და ნალექის გატარება ვერ შეძლო.
„აქ, სადაც ვიმყოფებოდი, სანიაღვრე სისტემა კონკრეტულ ადგილებზე ნაგვით იყო გადავსებული, არ ვიცი საიდან ამდენი ნაგავი. იყო კონკრეტული სანიაღვრე არხები, რომელიც ჩვეულებრივ ატარებდა.
ამ წუთში ვიმყოფებით მარჯვენა სანაპიროზე, ეს არის სივრცე, სადაც თამარ მეფის პანდუსია, აქ არსებულ გზის მონაკვეთზე არის დატბორვა. ძალიან დიდი ნალექი იყო ხანმოკლე პერიოდში. არ ვიცი, არ მახსოვს ასეთი უხვი ნალექი ბოლოს როდის იყო დედაქალაქში.
გარკვეულ უბნებში შეიქმნა პრობლემები და არა მთელი თბილისის მასშტაბით. გლდანის რაიონში იყო, ასევე დიდუბეში, ერისთავის ქუჩის მიმდებარედ. ახლაც მუშაობენ ჩვენი შესაბამისი სამსახურები”,- აცხადებს კახა კალაძე.