თეგებით ძიება

როგორ მოვიქცეთ წყალდიდობისას? - უსაფრთხოების წესები, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს

წყალდიდობა მოვლენაა, როდესაც ხმელეთი წყლით იტბორება. ეს მაშინ ხდება, როცა მდინარეები/ტბები წვიმის წყალს ან თოვლის ნადნობს ვერ იტევს; წყალდიდობა შესაძლებელია განვითარდეს მაშინაც, როცა ნიადაგი ძლიერი წვიმისას დაგროვილ წყალს სრულად ვერ შეიწოვს.

შესაძლოა, წყალმა ამ დროს რამდენიმე სანტიმეტრი დაფაროს ანდა სულაც სახლებში შეიჭრას და მთლიანი შენობები ჩაძიროს.

ასეა თუ ისე, ასეთი მოვლენები ზოგჯერ გაუფრთხილებლად გვატყდება თავს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, უსაფრთხოების საბაზისო წესებს ვიცნობდეთ, რათა ექსტრემალურ სიტუაციას მინიმალური ზარალით გავუმკლავდეთ.

 

როგორ მოვიქცეთ, თუ წყალდიდობაში მოვყევით:

დარჩით ან გაემართეთ შემაღლებული ადგილისკენ;

ეცადეთ, არ იაროთ წყლის ნაკადში — 15-სანტიმეტრიანი გუბეც კი სრულებით საკმარისია იმისთვის, რომ წონასწორობა დაგერღვათ;

მოერიდეთ დატბორილ ადგილებში მანქანის მართვას - შესაძლოა, მანქანა ნაკადმა წაიღოს ანდა ამ პირობებში ძრავა გაჩერდეს;

თუ მანქანა სწრაფად მოძრავ წყალში მოყვა, დარჩით შიგნით; იმ შემთხვევაში, თუკი იგი წყლით ავსებას დაიწყებს, სახურავზე აძვერით;

მოერიდეთ დაზიანებულ კაბელებს - ელექტროდენის დარტყმა წყალდიდობისას საკმაოდ სერიოზული საფრთხეა, რადგან დენს წყალში გადაადგილება შეუძლია.

 

თუ წყალდიდობისას სახლში ხართ:

ყურადღებით იყავით იმ შემთხვევისთვის, თუ ევაკუაცია ან მეზობელთან თავის შეფარება გახდება საჭირო;

ნუ გახვალთ გარეთ, თუ ამის სასიცოცხლო აუცილებლობა არაა;

ერთ ადგილას დაამაგრეთ ან სახლში შემოიტანეთ ობიექტები, რომლებიც გარეთ გაქვთ — ამით მათ დაზიანებას/წართმევას აირიდებთ თავიდან;

გამოაერთეთ ელექტრონული მოწყობილობები დენიდან, რომ არ დასველდეს; არ შეეხოთ ელექტრონულ მოწყობილობებს, თუ სველი ხართ ან წყალში დგახართ;

სარდაფში არსებული ნივთები ზევით აზიდეთ, რომ არ დაზიანდეს;

ევაკუაციის საჭიროების შემთხვევაში თან მხოლოდ სასიცოცხლო მნიშვნელობის ნივთები იქონიეთ; არ დაივიწყოთ შინაური ცხოველებიც.

 

წყალდიდობის შემდეგ:

 

ნაბიჯის გადადგმისას წინ იყურეთ — წყალდიდობის შემდეგ, შესაძლოა, ძირს სხვადასხვა ნამსხვრევი ეყაროს; ტალახით დაფარული ზედაპირი ფეხის აცურების საფრთხესაც შეგვიქმნის;

მოერიდეთ დაზიანებულ შენობებსა და დატბორილ ადგილებს/გზებს, სანამ ისინი უსაფრთხოდ არ გამოცხადდება;

სანამ არ დადასტურდება, რომ ონკანის წყალი სუფთაა, გადაადუღეთ და ისე გამოიყენეთ იგი;

გადაყარეთ ნებისმიერი სახის საკვები (მათ შორის კონსერვებიც), თუკი წყალდიდობისას მოვარდნილი წყალი შეეხო; არ მიიღოთ დატბორილი ბაღებიდან მიღებული საკვები;

დარეკეთ 112-ზე ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე 2 72 22 22, თუ სადმე დენის კაბელები ან გაზის მილები დაზიანდა;

გაასუფთავეთ და დეზინფექცია ჩაუტარეთ ყველაფერს, რასაც წყალი მოეცხო; პროცესში გამოიყენეთ ხელთათმანები, სახის ნიღაბი და უსაფრთხოების სათვალე.

წყარო: „პრაიმტაიმი“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა