ბადეში, რომელიც ცხაურს თავზე ადევს, წყალი ყუთს ფიზიკურად ვერ ჩაიტანდა - კოტე ზარნაძე
ხელის გაშვერა არავის არავისკენ უნდა, მაგრამ მე რაც ვნახე, იმას ვიტყვი: ბადეში, რომელიც ცხაურს თავზე ადევს, წყალი ყუთს ფიზიკურად ვერ ჩაიტანდა - ამოღებულია და ჩაყრილია სპეციალურად. სპეციალურად არ ვიცი, შეიძლება, ზოგმა არც იცის, სანიაღვრე ქსელი როგორ ფუნქციონირებს, - ამის შესახებ გლდანის რაიონის მაჟორიტარმა, კოტე ზარნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად შექმნილ პრობლემებზე ისაუბრა.
მისი თქმით, მიწისქვეშა გადასასვლელის სანიაღვრე სისტემიდან „თბილსერვისის“ თანამშრომლებმა ბევრი ნაგავი ამოიღეს.
„მთელი ღამის განმავლობაში, იცით, რომ ძალიან ბევრი ნალექი მოვიდა რაიონის მასშტაბით. დაიტბორა მიწისქვეშა გადასასვლელი და მიწისქვეშა გადასასვლელის სანიაღვრე ქსელმა გატარება ვერ მოახერხა იმიტომ, რომ იქ, ძალიან ბევრი ნაგავი იყო ჩაყრილი - პარკები, ყუთები და პლასტმასები. იმდენი რაღაც ამოიღეს „თბილისერვისის“ თანამშრომლებმა, რომ ფიზიკურად შეუძლებელი იყო... მომავალში უფრო ყურადღებით ვიქნებით, რომ მიწისქვეშა გადასასვლელის სანიაღვრე ქსელი მუდმივად გაიწმინდოს იმისთვის, რომ მსგავსი პრობლემა თავიდან ავირიდოთ. რაც შეეხება ზარალს, მოსახლეობასთან კომუნიკაცია მთელი ღამის განმავლობაში გვქონდა, ამ მიმართულებით არის გარკვეული პრობლემები, გარკვეულ კორპუსებში სახურავებს აქვს პრობლემა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მაქსიმალურად იქნება ჩართული, რომ ეს პრობლემები და ზარალი მაქსიმალურად გამოსწორდეს“, - განაცხადა კოტე ზარნაძემ.