თეგებით ძიება

კონტრაქტორების მიმართ რეაგირება გვექნება, მათ შორის დაჯარიმების კუთხით - გიორგი ამილახვარი

3-4 წლის პერიოდში, საქართველოში სასკოლო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით პრობლემები თითქმის ყველგან მოგვარებული იქნება, ვგულისხმობ საჯარო სკოლებს, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან სასწავლო პროცესის მონაწილეებს სთხოვა, სკოლების რეაბილიტაციისა და ახლის მშენებლობის პროცესში შექმნილ დისკომფორტს გაგებით მოეკიდონ და ამასთან, აღნიშნა, რომ სამინისტროს ექნება რეაგირება კონტრაქტორების მიმართ, მათ შორის, ჯარიმების გზით.

„თქვენ იცით, რომ საქართველოში მიმდინარეობს უპრეცედენტო მასშტაბის სასკოლო ინფრასტრუქტურის პროექტები როგორც თბილისში, ისე, პრაქტიკულად, ყველა დიდ ქალაქში, რეგიონში, მაღალმთიან სოფლებში და ა.შ. მე დამხვდა ეს გამოწვევები, რომ რიგი მიმართულებით იყო ვადების ჩამორჩენა და ვერ ხდებოდა კონტრაქტორების მხრიდან მისი შესრულება და რიგ შემთხვევებში, გვაქვს მსგავსი ტიპის გამოწვევები. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს პროცესი, თავის მხრივ, გარკვეულ უხერხულობებს ქმნის, იმიტომ, რომ გარკვეული პერიოდი ბავშვებს, მშობლებს, მასწავლებლებს და მთლიანად სკოლას უწევს სხვა ლოკაციაზე გადასვლა, ვინაიდან კარგად გვესმის, პარალელურ რეჟიმში ახლის მშენებლობა თუ არსებულის რეაბილიტაცია ფიზიკურად ვერ მოხერხდება.

მინდა ყველას ვთხოვო, გაგებით შევხვდეთ ამ პროცესს, ვინაიდან 3-4 წლის პერიოდში, საქართველოში სასკოლო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით პრობლემები თითქმის ყველგან მოგვარებული იქნება, ვგულისხმობ საჯარო სკოლებს. ჩვენ, ბუნებრივია, ყველა მათგანზე გვაქვს და გვექნება რეაგირება კონტრაქტორებთან, მათ შორის, დაჯარიმების კუთხით და სადაც შესაძლებელია ვადების დაჩქარების კუთხით, რომ დროულად, ახალ სასწავლო წელს, ბავშვები შეხვდნენ თავიანთ ძველ თუ არსებულ სკოლებში“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა