ოჯახს ბანკიდან სესხად აღებული 50 000 დოლარი წაართვეს! ავტომატით, ხანჯლით იყვნენ - რა ინფორმაცია ვრცელდება სიღნაღში მომხდარ საშინელ დანაშაულზე?
ყაჩაღობა სიღნაღის მუნიციპალიტეტში - სოფელ მაღაროში ოჯახს ფული წაართვეს და სასტიკად გაუსწორდნენ.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. უსუფაშვილების ოჯახს 5 შეიარაღებული პირი შეუვარდა და მამა-შვილი სასტიკად სცემა.
80 წლამდე ასაკის ზაურ უსუფაშვილს სახესა და სხეულის სხვადასხვა არეში სილურჯეები აღენიშნება.
დაზიანებები აქვს მიღებული მის შვილს, დავით უსუფაშვილსაც, რომელსაც მკურნალობის კურსი ამ დრომდე უგრძელდება.
დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ავტომატითა და ხანჯლით შეიარაღებული პირები, ნიღბებით იყვნენ და მათი ვინაობა მისთვის უცნობია.
„ხუთნი იყვნენ, ერთი აივნის ქვეშ დადიოდა. ორი ჩემს შვილთან იყო, ორი ჩემთან შემოვიდა, ავტომატი ჰქონდათ და ხანჯლისმაგვარი რაღაც. ეგრევე ბალიშს ეცნენ, იარაღი თუ გაქვთო. ფულს ითხოვდნენ, ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს. ნიღბებით იყვნენ, მხოლოდ თავები უჩანდათ"- ჰყვება მამაკაცი.
თავდამსხმელებმა ოჯახიდან, მზესუმზირის ბიზნესის გაფართოებისათვის ბანკიდან სესხად აღებული 50 000 დოლარის ოდენობის თანხა წაიღეს, გატაცებულია ოქროს ნივთებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 179- ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.