სალომე ზურაბიშვილი ეწევა კამპანიას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ - ირაკლი კობახიძე
„სალომე ზურაბიშვილი ეწევა კამპანიას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მთავრობა ვერ მისცემდა მას თანხმობას ამ კამპანიაზე“, – ასე ეხმაურება მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტს.
„ჩვენ ყველას გვახსოვს სალომე ზურაბიშვილის განცხადებები პარლამენტში, პარლამენტს გარეთ. როდესაც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველო არც შარშან იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, არც წელს იმსახურებს და მას სურს ამ თემასთან დაკავშირებით ვიზიტების განხორციელება, რა თქმა უნდა, მას უნდა ეთქვას უარი.
ბუნებრივია, ჩვენ ვერ მივცემთ თანხმობას იმ კამპანიაზე, რომელიც უპირისპირდება ქვეყნის ევროპულ მომავალს. ეს არის ძალიან მარტივი საკითხი. მთავრობამ იცოდა, რომ სალომე ზურაბიშვილი ეწევა კამპანიას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მთავრობა ვერ მისცემდა მას თანხმობას ამ კამპანიაზე. ძალიან მარტივადაა აქ საკითხი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი დღეიდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.