ქარიშხალი იდალია ჯერ კიდევ ძალიან საშიშია - ბაიდენი
ფლორიდის შტატის ნაპირებზე დამანგრეველი ქარებითა და კოკისპირული წვიმებით ქარიშხალი "იდალია" მძვინვარებს. მას მეტეოროლოგებმა მესამე, "უკიდურესად სახიფათო" შტორმის კატეგორია მიანიჭეს.
ამერიკის სამხრეთით მდებარე შტატში მილიონობით ადამიანი ევაკუირებულია და თავშესაფრებში იმყოფება. ვარაუდობენ, რომ მექსიკის ყურის გასწვრივ, სანაპიროებზე წყალდიდობა 5 მეტრს მიაღწევს.
ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან შტატის, ადგილობრივი ხელისუფლების, მითითებები და სიფრთხილით მოეკიდონ არსებულ ვითარებას.
ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოთხშაბათს საღამოს განცხადება გააკეთა და ქარიშხლის შესახებ თეთრი სახლიდან ისაუბრა. პრეზიდენტმა თქვა, რომ „ქარიშხალი ჯერ კიდევ ძალიან საშიშია“. მისივე თქმით ის უკვე ესაუბრა, სამივე შტატის გუბერნატორებს და გამოთქვა მზადყოფნა საჭიროების შემთხვევაში შტატებს ფედერალური დახმარება აღმოუჩინოს.
„პრეზიდენტი უფლებას აძლევს საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალურ სააგენტოს (ფემას) აქტიურად ჩაერთოს კატასტროფებზე რეაგირების პროცესში და დახმარება აღმოუჩინოს მოსახლეობას და მიაწოდოს მათ შესაბამისი დახმარება“, -წერია განცხადებაში რომელიც მოგვიანებით თეთრმა სახლმა გაავრცელა.
ფლორიდის შტატი ქარიშხალმა მნიშვნელოვნად დააზიანა, ადგილობრივები ამბობენ, რომ გარკვეული ტერიტორიები ისე დაზარალდა, რომ ძველებურ სახეს ვეღარ დაუბრუნდება. დაზარალდნენ უბრალო მოქალაქეები და ბიზნესები. ზარალის ოდენობა ამ დროისთვის ცნობილი არ არის.
ქარიშხალი იდალია ამერიკის ტერიტორიაზე მომდევნო 24 საათის განმავლობაში დარჩება, შემდეგ კი კვლავ ოკეანეში დაბრუნდება.