არც საქართველოს დროშა არ შეიძლებაო, არც უკრაინის - მოქალაქეს Imagine Dragons-ის კონცერტზე დროშა ჩამოართვეს
თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სადაც გუშინ Imagine Dragons-ის კონცერტი ჩატარდა მაყურებლებს საქართველოსა და უკრაინის დროშების გაშლის საშუალება არ მისცეს.
თავდაპირველად ერთ-ერთი დამსწრე გააფრთხილეს დროშა შეენახა, დაუმორჩილებლობის შემდეგ კი ძალის გამოყენებით წაართვეს.
"დროშა გავფინე ეგრევე, როგორც ვაკეთებ ყველა კონცერტზე, ახალი არაფერი გამიკეთებია, არც კანონი დამირღვევია. რომ მოვიდა მთხოვა აიღე დროშაო, ვუთხარი კანონს არ ვარღვევ მეთქი და შესაბამისად დროშას არ ავიღებ მეთქი. ერთ წარმომადგენელს მოჰყვა მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, არ ვიცი იმდენი ადამიანი მოვიდა. ერთმა კარგი, დატოვეო, მეორემ კატეგორიულად აიღეო, მესამემ არ შეიძლება არც აგიტაციაო. ბოლოს მოვიდა ვიღაც ბატონი და საერთოდ ჩამომართვა დროშა. არც საქართველოს დროშა არ შეიძლებაო, არც უკრაინის, არც პლაკატებიო, ძალიან მრცხვენია ამის", - ყვება ქრისტინე ჯახუა.