თეგებით ძიება

იმპიჩმენტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს - გიორგი გახარია

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია “ქართული ოცნების” მიერ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაყენების საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი პარტიის დეპუტატები მხარს არ დაუჭერენ პრეზიდენტის იმპიჩმენტს.

ამის შესახებ მან დღეს, 1 სექტემბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

მისი თქმით, იმპიჩმენტის პროცესის გამოცხადება, მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდება ის, ორ რამეს ნიშნავს:

ეს გახლავთ გააზრებული ნაბიჯი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ. ეს ნაბიჯი ფაქტობრივად საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს.

ეს გახლავთ მიზანმიმართული ნაბიჯი ქვეყანაში რადიკალიზაციის, დაპირისპირების, პოლარიზაციის გაღრმავებისკენ, რაც, რა თქმა უნდა, ქართულ სახელმწიფოს, ქართულ საზოგადოებას სტაბილურობის სერიოზულ პრობლემას უქმნის.

“სწორედ ამიტომ, პარტია “საქართველოსთვის” იმპიჩმენტის პროცედურას მხარს არ დაუჭერს” — განაცხადა მან.

“ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა მმართველ პარტიაში მყოფებსაც მიმართა:

“მე მინდა თხოვნით მივმართო ბევრ ღირსეულ ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ “ქართულ ოცნებაში” დარჩა — მინდა მათ ვკითხო: როგორ ფიქრობთ, 2012 წელს გამარჯვების შემდეგ, რატომ არავის მოსვლია აზრად სააკაშვილის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება და დღეს რატომ აყენებს ვიღაც საქართველოს იმ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, რომლის არჩევაშიც თქვენც და მეც პირადად დიდი წვლილი გვაქვს მიღებული”.

პარტიას “საქართველოსთვის” პარლამენტში 5 დეპუტატი ჰყავს წარმოდგენილი. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, “ქართულ ოცნებას” კი 82 დეპუტატი ჰყავს პარლამენტში. თუმცა შესაძლოა, კიდევ 2 წევრი დაემატოს.

გარდა უმრავლესობის დეპუტატებისა, მმართველი გუნდის ინიციატივებს ხშირად მხარს უჭერენ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წევრებიც. აღნიშნულ ჯგუფში 4 დეპუტატია. თუმცა უმრავლესობისა და „ევროპელი სოციალისტების“ ხმები ჯამურად 100 მაინც არ არის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა