თეგებით ძიება

„ვიჯექი ქუჩაში და ბედნიერებისგან მეტირებოდა” – რას წერს გოჩა მირცხულავა?

ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს.

“დღეს, რუსთაველზე მივაბიჯებდი ტირილით, გაკვირვებული ხალხი გაოცებისგან იჩეჩავდა მხრებს, ცრემლებთან ერთად ბედნიერება მეხატა სახეზე. ასე მგონია სამყაროში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი.

5 საათისკენ ახლობელმა დამირეკა, ვუთხარი, რომ სახლიდან გავიდოდი და შემეძლო მენახა რუსთაველზე, მისთვის მოსახერხებელ ადგილას. ოპერის წინ მერხზე ჩამოვჯექი და ველოდები, თან მეჩქარება, მაგრამ ის ისე იშვიათად რეკავს, ვიცი რომ უმიზეზოდ არც ახლა მთხოვდა შეხვედრას.

სულ რაღაც ათ წუთში მოვიდა. ერთმანეთი მოვიკითხეთ, ოჯახები და ვეკითხები: – მშვიდობა გაქვს?

ის: – კი და ნახე რა მინდა. შენ ისევ ის ანგარიში გაქვს ბანკის?

მე: – კი, რა ხდება?

ის: – მოიცა… ხსნის ტელეფონს და რაღაცას ეძებს, რამდენიმე წამში მეკითხება – დაგიჯდა?

მე:- მოიცა რა გააკეთე, რა დამიჯდა? – ამასობაში სმს შემომდის, რომ ჩამერიცხა გარკვეული თანხა და ვეკითხები – ეს რა არის?

ის: – იცი, შენ რომ არ ყოფილიყავი მე მაგისტრატურაში ვერ ვისწავლიდი.

მე:- რა?

ის: -წლების წინ, მაგისტრატურაში რომ ჩავაბარე, რამდენიმე დღეში შევხდით, მომიკითხე. მე გითხარი, რომ გამოცდები კი ჩავაბარე, მაგრამ მხოლოდ 50%-იანი დაფინანსებით და პირველად შესატანს ალბათ თავს ვერ მოვუყრი. შენ მაშინ, მითხარი, რომ რაღაც თანხას ელოდებოდი და… მოკლედ, ეს თანხა მივიღე შენგან და სწავლაც დავიწყე. მერე უკვე ვახერხებდი გადახდას. მოკლედ შენს გარეშე ეს ამბავი არ იქნებოდა, უბრალოდ ვერ დავიწყებდი სწავლას და დავრჩებოდი მაგისტრატურის გარეშე. წლების გავიდა და სულ მინდოდა რაღაც გამეკეთებინა. რაღაცით გამომეხატა მადლიერება. თან, მაშინ ასე ახლო ურთიერთობაც არ გვქონდა და ეს თანადგომა ჩემთვის უდიდეს რამეს ნიშნავდა. ეს არ არის ვალის დაბრუნება, სწორად გამიგე…

მე: – დედის სულს ვფიცავ, არ მახსოვს ეს ამბავი? – ვუთხარი და ცრემლები წამსკდა. ასე, რუსთაველზე, ოპერის წინ, ვიჯექი ქუჩაში და ბედნიერებისგან მეტირებოდა. ეს ემოცია მომყვება ამ დრომდე და გამყვება მთელი ცხოვრება. ჩემს წინ იმ წამს ღმერთი იჯდა, რომელსაც ჩემზე მეტად უთრთოდა ხმა და ცდილობდა არ ატირებულიყო.

ერთმანეთს გადავეხვიეთ და დავშორდით. მე გზა გავაგრძელე, დანიშნულების ადგილამდე ცრემლები მომდიოდა ღაპაღუპით და თან ბედნიერება მეხატა სახეზე. ჰო, ის გიჟი კაცი რუსთაველზე, რომელიც სიხარულისგან ტიროდა მე ვიყავი. აი, რა ცოტა უნდა ადამიანს ბედნიერებისთვის. ფული? არა მადლიერება!

აქ მყავს ეს ადამიანი მეგობრებში, მაგრამ არ მოვნიშნავ – ყველას ჩვენი ღმერთი გვყავს.

მისი სიტყვები – “სულ მინდოდა რაღაც გამეკეთებინა და ეს ამბავი სულ მემახსოვრება”, ჩემი ცხოვრების შესაფასებელი მთავარი სანთელი იქნება ვგონებ, რომელსაც ვერანაირი ქარიშხალი ვერ ჩააქრობს.

(ჰო, აქ ამ სივრცეში, უამრავი ადამიანი მყავს, რომელსაც ცხოვრება მოვუწყვე და ადამიანებად ვაქციე, ზოგი სალამსაც არ მეუბნება, პოლიტიკა უშლით ხელს – “გაუმარჯოთ თავიანთ უმადურობაში?” – არა, ეგ ჩემი საქმე არ არის, მე ასე ვიტყვი – “თქვენც გაგიმარჯოთ, მე თუ არა ვინმე მაინც დააფასეთ”!)

შენ კიდევ მადლობა, ძალიან დიდი“, - წერს მირცხულავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა